საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. შეხვედრის დაწყებამდე კონგრესმენებმა საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამერიკელი კონგრესმენის, ალექს მუნის განცხადებით, საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა, რასაც ძალიან აფასებენ.
„ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, – აცხადებს ალექს მუნი.
საქართველოში ვიზიტით მყოფი კიდევ ერთი კონგრესმენი კეროლ მილერი აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის დადასტურება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებს.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. საქართველო, დიდი ხანია აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, – განაცხადა ეროლ მილერმა.
„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა როგორიც საქართველოა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე“, – განაცხადა კონგრესმენმა რონალდ ესტესიმ.
საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს კონგრესის დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, კელი არმსტრონგი. მისი თქმით, ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ გაეცნოს საქართველოს მთავრობის მუშაობას.
„ეს ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გავეცნო საქართველოს მთავრობის მუშაობას, საქართველომ, ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების კუთხით. ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით როგორ მუშაობს მთავრობა და მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები“, – აღნიშნა კელი არმსტრონგმა.
ამასთან, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი კონგრესმენის ბრაიან სტილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.
„ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები, საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ, შეხვედრებისას განვიხილავთ ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა საკითხებს“, – აცხადებს ბრაიან სტილი.
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც.
შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას შეეხება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.