უცხოეთი
„თალიბანი“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. „თალიბანი“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება. დაჯგუფების პრესსპიკერ ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პანჯშირის ხეობაში გამაგრებული აჯანყებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლაში დამარცხდა, ნაწილი კი გაიქცა.

„თალიბანის“ განცხადებით, ხეობიდან გაქცეულებს შორის არიან ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი – აჰმად მასუდი.

„ჩვენ სრულ გარანტიას ვაძლევთ პანჯშირის საპატიო ხალხს, რომ ისინი არ იქნებიან დისკრიმინირებულნი, ისინი ყველანი ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და საერთო მიზანს. ბოლოდროინდელი გამარჯვებებითა და ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გამოვიდა ომის მორევიდან და ჩვენს ხალხს ექნება მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის ატმოსფეროში“, – ნათქვამია ავღანური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1tv.ge