სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მოვლა და პატრონობა; გვაქვს მართლაც უნიკალური, ულამაზესი ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერს ფასი დაეკარგება, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა.

„ჩვენ ეს გამოვცადეთ არაერთგზის, სამწუხაროდ და საუბედუროდ. ბოლოს ეს ჩვენ გამოვცადეთ 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მტრის, ოკუპანტის სამხედრო ძალის წინაშე. ვნახეთ, როგორი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა წინა მთავრობამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. სწორედ ამან განაპირობა ის პროგრესი და სიკეთი, ის გაკეთებული საქმეები, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. ამდენი გზების მშენებლობა, იქნება ეს მოწესრიგებული წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების სამუშაოები. მე ვიცი, რომ კომუნისტების დროსაც კი არ იყო ჩატარებული გაზიფიცირების სამუშაოები და ბატონი გოჩა ენუქიძე მიყვებოდა, რომ აქ არის სოფლები, სადაც კომუნისტების დროსაც კი არ იყო გზა გაყვანილი”, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან მალე დასრულდება საჩხერე-ონის 50-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რითაც 3 საათში შეეძლება ადამიანს ჩასვლა თბილისიდან ონის მუნიციპალიტეტში.

„ვმუშაობთ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე. ასევე, ძალიან მალე დასრულდება, დაახლოებით 1 წელი დასჭირდება კიდევ, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და კიდევ უფრო დავაჩქარებთ. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო. კიდევ გაათმაგებული ტემპებით და ენერგიით, უფრო მეტი ამბიციური გეგმებით და რეფორმებით უნდა წავიდეთ წინ და ქვეყანამ უნდა იაროს წინ, მხოლოდ და მხოლოდ წინ და წინ და ბევრი საქმე უნდა გავაკეთოთ ერთად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული, ამბიციური გეგმა. მომდევნო წლების განმავლობაში 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ ყველა რეგიონი თანაბრად განვითარდეს, მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რომ თანამედროვე, რეალურად ევროპული ინფრასტრუქტურა მივიღოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე, ჩვენ დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს ურბანულ განახლებას. ამ მართლაც ულამაზესი შენობების და ცენტრების მოწესრიგებას და გარდაქმნას რეალურად ევროპული ტიპის ცენტრებად. ჩვენ თანდათანობით, ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური და მტკიცე ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა უნდა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქვეყანად და სახელმწიფოდ. ჩვენი მთავარი ოცნებაც სწორედ ეს არის, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არის ჩვენი საქმე, რომ განვითარება შევიდეს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ამისათვის, საჭიროა, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამით ცაგერი გაიმარჯვებს, ჩვენი მოსახლეობა გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.