სამართალი
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას პატიმრის პირამოკერილი ძმა შეუერთდა

advokat_akciaადვოკატების საპროტესტო აქციას დღეს ერთ-ერთი პატიმრის – დავით დეკანოიძის, ძმა სულხან დეკანოიძე შეუერთდა, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი. როგორც თავად სულხან დეკანოიძემ განმარტა, მისი ძმა დავით დეკანოიძე გლდანის საპყრობილეში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მისი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვის მიზეზი სწორედ ესაა. „ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ინვალიდია და, გარდა ამისა, უკანონოდაა დაკავებული“, – დასძინა დეკანოიძემ.

პატიმრის დედის – ნარგიზა ნებიერიძის, განმარტებით კი, რომელიც, ასევე, შეუერთდა აქციას, პატიმარს საზღვარგარეთ რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ვინაიდან ავარიაში მოყვა. „ის ინვალიდია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩემი შვილი პასპორტის გაყალბების მუხლითაა გასამართლებული, თუმცა საქმეში ბრალის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არ არის“, – აღნიშნა პატიმრის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა შიმშილობის აქცია გუშინ დაიწყეს. გუშინვე, საღამოს, სამართალდამცველებმა მათ პირადი ნივთები წაართვეს, თუმცა ინციდენტი არ გამწვავებულა. ადვოკატები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.