პოლიტიკა
გიორგი გახარია: საქართველოს პრემიერმა გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ბატონ პრემიერს ვთხოვდი, კიდევ უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველის პრემიერზე მე არ ვსაუბრობ, საქართველოს პრემიერმა გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გადაიქცა ორგანიზაციად, რომელსაც დღეს უკვე არაფერი აკავშირებს დიად და სამართლიან საქართველოზე ოცნებასთან, რითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ დაიშლება.

„ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანი და იდეა, მამოძრავებელი ძალა არის ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დაიშლება. ეს ჩვეულებრივი მაგალითებია, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ბევრი მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიიღებს ღირსეულ ადამიანებს, საიდანაც არ უნდა წამოვიდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.

„ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას, ინსტიტუტის დაკნინება იყო, როცა პანკისში სპეცნაზი ჩაიყვანა და მთელს სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია. ინსტიტუტის დაკნინება იყო, როცა შს მინისტრობის დროს გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, კლუბში მყოფებმა არერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა პოლიციელებს. ასევე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის, როცა უგუნურად დაგეგმილ ოპერაციაზე, ვგულისხმობ „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, აცემინა სამი საათის განმავლობაში, აყურებინა მოსახლეობას და ქვეყანას, როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. აი, ეს არის სირცხვილი, ეს არის ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.