საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ის ვალდებულება შესრულდება, რომელიც განვაცხადეთ

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენი მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ, გარკვეული ვალდებულებები დარჩენილია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შეუთანხმებლობა პოზიციებში.

„კერძოდ, იმ 7 პუნქტიდან 6 არის უკვე შესრულებული, დარჩენილია ერთი, რომელიც ასევე ძალიან მალე შესრულდება. ჩვენ რაც ვთქვით, იმას ვაკეთებთ, დანარჩენი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია. ჩვენი მხრიდან გვაქვს მზაობა იმისა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაგრძელოთ რეფორმები და ყველა ის ვალდებულება შესრულდება, რომელიც განვაცხადეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.