პუბლიკაციები
გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი: „არაფერია იმაზე მძიმე, როცა იცი, რაღაც როგორ აკეთო, მაგრამ გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ!“

guram_newwჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს... ამ ჭეშმარიტების უტყუარობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა გურამ გიორგის ძე ნიკოლაიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საკუთარ კორესპონდენტთან შეხვედრისას. რაკიღა თავისი სამხედრო კარიერის პიკზე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ყოფნისას ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გენერალი იძულებული გახდა, თადარიგში გასულიყო და ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი. ეს 2001 წელს მოხდა. თუმცა ენერგიულმა მეწარმემ ვერ განდევნა მასში მაღალი რანგის სამხედრო პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი. „თადარიგის“ წლებში იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობას და ამ გზაზე შეიარაღებულ ძალთა ამჟამინდელი „მშენებლების“ მიერ დაშვებულ მთელ რიგ სერიოზულ შეცდომებს ხედავდა. სწორედ ამით დავიწყეთ ინტერვიუც.

– ბატონო გენერალო, მაინც რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ამჟამინდელი გადასახედიდან?

– სიმართლე გითხრათ, ჩემი უმთავრესი შთაბეჭდილებები ერთ ამომწურავ ფრაზაშიც ჩაეტევა: სამწუხაროდ, ჩვენმა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 1992-93 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში ზუსტად იგივე შეცდომები გაიმეორა, რაც მენშევიკებმა – 1918-21 წლებში. იმისათვის კი, რომ მკითხველისთვის ნათელი შეიქნეს იმ შორეული ეპოქის რომელ შეცდომებზეა ლაპარაკი, ამ თემაზე XX საუკუნის გამოჩენილი სარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოთქმათა ნაკრები მოვამზადე. ვფიქრობ, არა მარტო მკითხველისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება ამ ჩანაწერების გაცნობა. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენს შემდგომ საუბარსაც მისცემს მიმართულებას.

მოსაუბრის არგუმენტები მართლაც დამაჯერებელი გამოდგა. მაშ ასე, სამხედრო მარცხის 9 მიზეზი, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს გენერალი გიორგი კვინიტაძე:

1. მთავარი მიზეზი – საზოგადოებისგან სრულად მოწყვეტილი ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ არის წარმომადგენლობითი ორგანო, ხალხის მსახური, ის პატარა გაუგებარ ჯგუფად იქცა, რომელიც არსებულ რეალობას ვერ აცნობიერებს. სამწუხაროდ, მას არ აქვს არც მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, არც გეოპოლიტიკური სტრატეგია და აზროვნება და არც გააზრებული ურთიერთდაკავშირებული, თუმცა, ამავე დროს, ერთმანეთისგან გამიჯნული საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ის, როგორც ნულოვანი ინტელექტუალური რესურსის მატარებელი, დღემდე ვერ ჩასწვდა გეოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე პრობლემათა იმ სასტიკი, მაგრამ ობიექტური რეალობის არსს, რომ მსოფლიოს ერთადერთი ფაქტორი – ინტერესი, მართავს.

2. ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რეალურად და ფხიზლად შეეფასებინა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები და ილუზიების ტყვეობაში არ მოქცეულიყო. პირიქით, მთავარ ამოცანად დაისახა ისეთი სისტემებისა და სამხედრო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც უსიტყვოდ დაიცავდნენ პარტიულ და პირად ინტერესებს, ჩამოაყალიბა „ნაციონალური გვარდია“ და მას განსაკუთრებული სტატუსი და პრივილეგიები მიანიჭა. ამასთან, მშვენიერი განათლებისა და დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქართველი სამხედრო ინტელიგენცია (გენერლები, უფროსი და უმცროსი ოფიცრები), ე. წ. იმპერიის არმიაში მომსახურე პირები, ცხადია, არ დაყაბულდებოდნენ პარტიული და პირადი ინტერესების დამცველთა როლს. ამიტომაც მონათლეს „პრორუსული“ ინტერესების გამტარებლებად (ასეთები კი რამდენიმე ათასი იყო) და ჯარებიდან დაითხოვეს. ამით კი საგრძნობლად დაასუსტეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რადგან, ფაქტობრივად, გაანადგურეს მეთაურთა კორპუსი. უფრო მეტიც, ჩაერთნენ ყველა საგარეო თუ შიდა ომში და თავიანთი უმეცრების გამო ქვეყნის ტერიტორიებიც დაკარგეს.

3. თუმცა მაშინაც კი, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მუდამ გამოიძებნებოდნენ გენერლები და ოფიცრები, რომელთა მიჩნევა თამამად შეიძლებოდა ერის „ფონდად“, მის ღერძად და სიამაყედ. ისინი თავდადებით იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის, მისი ტერიტორიული გამთლიანებისათვის. და ასეთებს, რატომღაც, ათავისუფლებდნენ. და ეს მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი) ისინი დღესაც არმიის მშენებლობისა და ფორმირების სათავეში არიან. ამის შედეგებიც შესატყვისია. მათი ჯარების რიცხოვნობა სამჯერ აღემატება ჩვენსას, მაშინ, როცა მათი ბიუჯეტი ჩვენსაზე სამჯერ ნაკლებია. ამაში ბრალი ჩვენს მთავრობას მიუძღვის, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

4. რუსულ არმიაში გაწვრთნილი და იქვე სამხედრო საფეხურებგავლილი ქართველი ოფიცრები იმ არმიაში თავს ღირსეულად წარმოაჩენდნენ და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდნენ. ისინი მუდამ გამოირჩეოდნენ საუკეთესო თვისებებით. დიახ, იმ არმიის ოფიცრები იყვნენ, მაგრამ მუდამ ქართველებად რჩებოდნენ და მათ მკერდში ქართველის გული ძგერდა. ისინი საქართველოს შვილები იყვნენ და საქართველოსთვის ბრძოლებში იღუპებოდნენ. დღესაც საქართველოს პირმშოებად რჩებიან. ამ ქართველ ვაჟკაცებს უღალატეს მათ, ვინც საქმეს ჩამოაშორა ისინი. შედეგად კი წაგებული ომები, დახოცილი ახალგაზრდები, დაკარგული ტერიტორიები, საერთაშორისო შერცხვენა და დამცირებული თაობა მიიღეს.

5. მთავრობის მიერ ფორმირებულმა ვერცერთმა სისტემამ, რომელთა ხელმძღვანელებადაც ინიშნებოდნენ დილეტანტი და უმეცარი ადამიანები, ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია. როგორც ცნობილია, კანონი ყველასა და ყველაფერს მართავს. ჩვენი „ბელადები“ კი თავად წარმოადგენენ ამ კანონს. ხოლო ჯარი, რომელიც მათი ჭკუისა და ცნობიერების შესატყვისად შეიქმნა, უკანონოა. შესაბამისად, ასეთი ჯარის ქმედებებიც უკანონოა. ეს კი ქვეყანას მხოლოდ უბედურებას მოუტანს. ბელადის მიერ შექმნილი ასეთი ჯარის დანიშნულება მისი დაცვაა და არა ხალხისა და სამშობლოს სამსახური.

6. კანონები, მათ შორის, სამხედრო კანონებიც, საკანონმდებლო ორგანომ შექმნა მარტოოდენ მმართველი პარტიის თუ ბელადის პოზიციების განსამტკიცებლად და არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. სულ ჯარისთვის აუცილებელია 300-მდე კანონი და საკანონმდებლო აქტი, თუმცა მიღებულია მხოლოდ 23 კანონი და რამდენიმე ათეული საკანონმდებლო აქტი.

ქვეყანაში არ არსებობს კანონი სამხედრო განათლების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი განათლების უქონლობის პირობებში ვერ დანიშნავდნენ გენერალური შტაბის უფროსს, მის მოადგილეებს, მეთაურებსა და სხვა თანამდებობის პირებს. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობებზე პროფესიონალები დაინიშნებოდნენ, უმაღლეს მთავარსარდალს უფლებას არ მისცემდნენ, უნიჭო ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიეღო საბრძოლო მოქმედებების დაწყების ან დასრულების შესახებ.

7. თავდაცვის რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენივე სამხედრო რეფორმა გატარდა, ხოლო თითოეული მინისტრი შესაშური სიბეჯითით რეფორმას არმიიდან „იმპერიის არმიაში“ მომსახურე ოფიცერთა დათხოვნით იწყებდა. ამის შემდეგ ყველაფერი, რასაც უნიჭობა ჰქვია, ხელახლა მეორდებოდა.

8. ჩვენი ხელისუფლება ერთადერთია მეზობელ ქვეყნებს შორის, რომელსაც სამხედრო ხელოვნების ქურუმად მოაქვს თავი. ზოგჯერ ისინი ისეთ სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ მოწინააღმდეგეს საგონებელში აგდებენ თავიანთი არაორდინარული „სტრატეგიული ტალანტით“. შედეგად ვიღებთ გაუბედურებულ ქვეყანას, უაზროდ დაღუპულ მოქალაქეებს, დემორალიზებულ არმიას, მტრისთვის დატოვებულ იარაღსა და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, არნახულ ზარალს და ეს ყველაფერი ხალხის ხარჯზე ხდება.

9. აუცილებელია, რომ დაკარგული ტერიტორიები, იარაღი, მოქალაქეთა და ჯარისკაცთა დანაკარგები გამოძიებისა და სასამართლო ვერდიქტების საგნად იქცეს. უპასუხისმგებლობა და კანონების უგულებელყოფა ეჭვსა და შიშს ბადებს იმისა, რომ შესაძლოა, ეს შეცდომები მომავალშიც განმეორდეს. თუ სიმართლეს დავმალავთ და შეცდომებს არ ვაღიარებთ, ისინი უთუოდ გამეორდება. წარსულისთვის ზურგშექცეული პირით საფლავისკენ აღმოჩნდები.

– ბატონო გურამ, მადლობას მოგახსენებთ თქვენი საინტერესო გამოკვლევისთვის, რომელიც მკაცრი თვალსაჩინოებით შეგვახსენებს, რომ წარსულის შეცდომებისგან გაკვეთილები უნდა მივიღოთ, რათა ხელახლა არ გავიმეოროთ. ვფიქრობ, სამხედრო მშენებლობის პრობლემებს, რომლებზეც გენერალი კვინიტაძე მიგვითითებს, თავისი აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ამჟამინდელ ხელისუფალთაც ხომ იგივე შეცდომები მოსდით, რასაც მენშევიკები სჩადიოდნენ ქვეყნის მიერ ასე ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვების ხანაში.

თუმცაღა მხოლოდ შეცდომების აღიარება საკმარისი არაა. მათი გამოსწორებაც უნდა ვისწავლოთ. გაქვთ რაიმე რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით?

– სწორედ ამას ვაპირებდი.

– და რით უნდა დავიწყოთ?

– ერთმნიშვნელოვნად სამხედრო განათლების შესახებ კანონის მიღებით. სწორედ კანონმა უნდა შეუშალოს ხელი თანამდებობებზე შესაბამისი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების არმქონე ადამიანების დანიშვნას. აქვე ვიტყოდი, რომ აუცილებელია თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებაც, მათ მიერ სამართალსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებისა და მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის. მომხრე ვარ, აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობის პირთა ფუნქციების მკაცრად გამიჯვნისა.

– ბატონო გენერალო, საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება იმის თაობაზეც, თუ ვინ უნდა განსაზღვროს, რა ღონისძიებებია გასატარებელი ან რა სიახლეებია დასანერგი შეიარაღებული ძალების წარმატებით მშენებლობისათვის...

– რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი მაქვს. ვფიქრობ, გამართლებული იქნებოდა, ვთქვათ, მეცნიერებათა აკადემიასთან ან სამხედრო-ტექნიკურ უნივერსიტეტთან ავტორიტეტული კომისიის შექმნა, რომელიც შეიარაღებულ ძალთა განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მანკიერად მიმაჩნია პრაქტიკა, როცა თავდაცვის სამინისტრო ერთპიროვნულად განსაზღვრავს, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს ჯარებში. ვიმეორებ, ამ სფეროში ყველაფერი კანონის საფუძველზე უნდა კეთდებოდეს, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს არმიისთვის აუცილებელი კანონები და საკანონმდებლო აქტები და მათი ამოქმედების პროგრამაც.

– ჩვენი საუბრის დასაწყისში, ბატონო გურამ, თქვენ სამხედრო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობდით, თუმცა არაფერი გითქვამთ ჩვენს სამხედრო აკადემიაზე. როგორც მოგწონთ მისი რეფორმირებული სახე?

– აკადემიას მისი თავდაპირველი სტატუსი უნდა დაუბრუნდეს, ანუ მომზადდნენ სხვადასხვა სახეობის ჯარისთვის ოფიცრები და არა პრაპორშჩიკები. გადასაჭრელი ამოცანების შესარტყვისად კი, შეიქმნას თანამედროვე სამხედრო-სასწავლო ბაზა. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი კადრები ჩვენვე უნდა მოვამზადოთ.

– გამოგიტყდებით, არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვისაც გაუგებარია გადაწყვეტილება სამხედრო-საზღვაო ძალების სასაზღვრო ჯარების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. რას იტყვით ამის შესახებ?

– ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ: სამხედრო-საზღვაო ძალები უნდა დაუბრუნდეს თავდაცვის სამინისტროს, ამასთან, შემუშავდეს პროგრამა მათი ფორმირებისა და კადრების მომზადებისთვის.

– გენერალი კვინიტაძე გაცხარებით შენიშნავდა თავის ჩანაწერებში, რომ თითქოსდა პატრიოტული მოსაზრებით, არმიიდან გაათავისუფლეს ქართველ ოფიცერთა საუკეთესო ნაწილი, რომელმაც საბრძოლო წვრთნა გაიარა და ღირსეულად წარმოაჩინა თავი იმპერიის, ანუ რუსეთის არმიაში. დარწმუნებული ვარ, ეს დღეს თქვენ საკმაოდ გაღელვებთ, ასე არ არის, ბატონო გურამ?

– როგორც იტყვიან, „ათიანში“ მოარტყით. ამიტომაც ჩემი რჩევაა და, სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, მოთხოვნაა – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს არმიაში პროფესიონალი სამხედროების დაბრუნებას და გამოყენებულ იქნეს მათი გამოცდილება ახალგაზრდა კადრის მომზადებაში. ამისათვის საჭიროა შეიქმნას საატესტაციო კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას სამსახურში მათი დაბრუნების შესახებ.

– სამხედრო ყოველდღიურ ცხოვრებასთან სულ ცოტა ხნის წინათ მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანის დაკვირვებით, ჩვენს ჯარისკაცებს სრულიადაც არ ასწავლიდნენ იმას, რაც გამოადგებოდათ რეალურ ბრძოლაში. იზიარებთ ამ აზრს?

– ცხადია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მებრძოლებს, რაც თავად ვიცით და რაც გამოადგებათ ბრძოლაში, ამასთან, გონივრულია ყველა ომის თავისებურებების შესწავლა, რაც საქართველოს გადაუტანია და დამარცხების მიზეზებში გარკვევა.

– დაბოლოს, ხომ არაფერს დაამატებთ, ბატონო გენერალო?

– დიახ, მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაცია თეზისების სახით:

ა) შეიარაღებული ძალების ეტაპობრივი მშენებლობის მკაფიო კონცეფციის (პროგრამის) ჩამოყალიბება, რომელიც გათვლილი იქნება 5, 10, 15, და 20-წლიან დროით მონაკვეთებზე მცირე ფინანსური დანახარჯებით, ყოველი ახალი მაღალი რანგის თანამდებობის პირის რეფორმების გარეშე;

ბ) ისეთი საჯარისო სტრუქტურის შექმნა, რომლის მმართველობასაც ჩვენ შევძლებთ და არა ბრმად გადმოვიღოთ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნების დოქტრინები და სტრუქტურა, როგორიცაა ამერიკა, გერმანია და სხვ.;

გ) აუცილებელია გათვალისწინება იმისა, რომ ყველა ეს სამუშაო უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტის ზედამხედველობითა და კონტროლის ქვეშ.

– დიდი მადლობა, ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, დეტალური საუბრისათვის და თუ ნებას მომცემთ, ინტერვიუს დასასრულ, გკითხავთ: რომ შემოგთავაზონ დაბრუნება, დათანხმდებით?

– რა გაეწყობა, შინაგანად ამისთვის სრულიად მზადყოფნაში ვარ, ყველაფერი დამოკიდებულია ნიუანსებზე...

 

 

ესაუბრა გივი ბაქრაძე

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“