სამართალი
როგორც ცნობილია, ადვოკატთა 20-კაციანმა ჯგუფმა პარლამენტის შენობასთან გუშინ, 17 მაისს, შიმშილობის აქცია დაიწყო. ადვოკატები ხელისუფლებას რიგ მოთხოვნებს უყენებენ და მათ შესასრულებლად ვადას 21 მაისამდე აძლევენ, როდესაც თავისუფლების მოედნიდან „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ „რევოლუციას“ დაიწყებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, პარლამენტთან გუშინ, საღამოს, 200-მდე პოლიციელი მივიდა, მოშიმშილე ადვოკატებსა და აქციის დანარჩენ მონაწილეებს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალებს, ალყა შემოარტყა და მოშიმშილეთათვის განკუთვნილი ლეიბები, პლედები, ტექნიკა და წყალი ძალის გამოყენებით დაათმობინა. თუმცა დაპირისპირება არ გამწვავებულა და ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. აქციის მონაწილეებმა გუშინვე აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოებს წერილები გაუგზავნეს თხოვნით, ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა მისი მხრიდან მსგავსი ქმედებები მომდევნო დღეებში მაინც გამოირიცხოს. პარლამენტის შენობის წინ ადვოკატების შიმშილობის აქცია დღესაც გრძელდება. აქციას გუშინვე ბათუმიდან ადვოკატი ნანა ანდღულაძე შეუერთდა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოშიმშილე ადვოკატების რიცხვი კვლავ გაიზრდება და მათ რეგიონებიდან სხვა კოლეგებიც შეუერთდებიან.