საზოგადოება
დავით ზალკალიანი: სესხზე უარი არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას.

„ოპონენტები შეეცადნენ, რომ ეს განცხადება და ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, თითქოს ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის. ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა. სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. ეს რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ განხორციელდა. მინდა ძალიან მკაფიოდ იცოდნენ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იციან, რომ ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს, იმ ვალდებულებებს ვასრულებთ. ეს ხომ პროცესია, არ დასრულებულა პროცესი. 19 აპრილის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ პროცესი დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლო რეფორმა, ის მემკვიდრეობაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო, ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა. აუცილებლად მივალთ იმ სასურველ ნიშნულამდე, რომელიც იქნება მისაღები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისე ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ხშირად არის ხოლმე, მოკავშირეებს შორისაც არის აღქმებში განსხვავებები“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ზალკალიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, სამომავლოდ ქვეყანას ხომ არ შეექმნება პრობლემები პარტნიორებთან, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ მოხდება.

„არც კი შეექმნება, რადგან ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია. ჩვენ ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ყველა უსაფრთხოების მისიაში. მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ავღანეთის ოპერაციაში, თუნდაც ის, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში და როგორ უდგას საქართველო გვერდში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ავღანეთის ჰუმანიტარულ ოპერაციაში და როგორ არის გამოყენებული საქართველო“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.