საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ.
„თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა კრამონმა.