სამართალი
საქართველოში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული პირები არ იმყოფებიან - სუს–ი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, რუსული კომპანია „ვაგნერის“ წევრები ბიზნესსაქმიანობას ეწევიან.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი პირი საქართველოში 2019 წელს შემოვიდა, თუმცა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დაკავშირებული ყოფილიყო კომპანია „ვაგნერთან“, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან საქართველო უკვე დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კატეგორიულად აცხადებენ, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა არც ერთი ისეთი პირი, რომელიც შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას.

„მსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ. ასევე, საქართველოში ამ კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული საქმიანობის შესახებ. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არ იმყოფება „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება. ასევე, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს „ვაგნერს“ ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში, არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სუს-ის მიერ.

ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყვნენ „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან. ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ის პირები კი, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საოკუპაციო რეჟიმთან და შესაძლოა, ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ბოლო 10 წელია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ფიქსირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირი გადმოკვეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ყველა პირი, რომელიც უკავშირდება „ვაგნერს“ ან შესაძლოა, საფრთხეს წაროადგენდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება.

ბოლოს 2019 წელს ფიქსირდება აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია, რომ ისინი წარმოადგენენ ამა თუ იმ სამხედრო კომპანიას და შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენენ. ცალკეული ადამიანების შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომი ხდება იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხდება ხელმისაწვდომი მედიისთვის. ამ პირების შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომი ხდება გარკვეული პერიოდულობით. სუს-მა ეს პირი 2019 წლიდან შესაბამის კონტროლზე დააყენა. იგი არ იმყოფება საქართველოში და ვერც მომავალში შემოვა. ეს პირი და დაჯგუფება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. მას შემდეგ რაც ხდება მათი იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს პირი იდენტიფიცირების შემდეგ აქ არ იმყოფებოდა. ყველა პირი რომელიც დაკავშირებულია „ვაგნერთან“, ახერხებს სხვადასხვა ქვეყანაში შეღწევას. იყო საუბარი ბიზნესსაქმიანობაზე, თუმცა მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება ბიუჯეტთან, არ აქვს ოფისი, არ ჰყავს თანამშრომლები“, – განაცხადა საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.

გიორგი საბედაშვილი საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

„შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას. სამწუხაროდ, მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუს-ი ვერ აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ვაგნერთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.