საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში პარტიის შიდა კვლევების შედეგები გამოაქვეყნა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში პარტიის შიდა კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა ოთხ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისში ბათუმსა და თელავში ჩატარდა.

კვლევის შედეგები საზოგადოებას პრეზენტაციის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა გააცნო.

მისი თქმით, კვლევა 5-11 აგვისტოს შუალედში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩატარდა. მისივე განმარტებით, თითოეულ ქალაქში ჯამში 600 ადამიანი გამოიკითხა.

ამასთან, გიორგი ხვედელიანი ამბობს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგებით „ქართული ოცნება“ არჩევნებში 35 პროცენტზე მეტს ვერ აგროვებს.

„კვლევამ აჩვენა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი არის, რომ „ქართული ოცნება“ ვერც ერთ ქალაქში 35 პროცენტსაც კი ვერ სცდება. მეორე, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ყველა ოლქში, მეორე ტურში იქნებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად. მესამე, ჩვენი პარტიის კანდიდატები თელავსა და რუსთავში დამაჯერებლად ლიდერობენ. ისინი არიან პირველ ადგილზე.

თელავში გიორგი ბოტკოველი 40,2 პროცენტით ლიდერობს, ხოლო რუსთავში 42 პროცენტით ლიდერობს დავით კირკიტაძე. რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, თელავში რეფერენდუმის პარტიები, ანუ ყველა პარტიას ერთად, გარდა „ქართული ოცნებისა“, აქვს 66 პროცენტი, აქედან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 36 პროცენტი, „ქართულ ოცნებას“ კი 34 პროცენტი აქვს.

მონაცემები ქუთაისშიც ანალოგიურია, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ 66 პროცენტი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 32 პროცენტი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 34 პროცენტი.

რაც შეეხება რუსთავს, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ ასევე 66 პროცენტი, აქედან „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 პროცენტი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 34 პროცენტი.

ბათუმის მონაცემებით კი, რეფერენდუმის პარტიების ჯამური მაჩვენებელია 66,9 პროცენტი, აქედან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 20 პროცენტი, „ქართულ ოცნებას“ კი 33,1 პროცენტი აქვს. ეს არის მონაცემები ალოკაციით“, – აცხადებს გიორგი ხვედელიანი.

მისივე თქმით, კვლევაში გამოყენებული იყო სრული ინტერვიუს პრინციპი და დასაშვები ცდომილება შესაძლოა, სამი პროცენტის ფარგლებში იყოს.