საზოგადოება
ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში მალე ჩამოვა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უახლოეს ხანში ჩამოვა.

დამკვირვებელთა ჩამოსვლის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდე ხვთისიაშვილსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია კოვიდ-19 პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების და აღნიშნულის გათვალისწინებით საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში შეუფერხებელ ჩამოსვლასთან და მისიის საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მისიის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავს, დამკვირვებელთა როლისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რის შემდეგაც მისია ოფიციალურად შეუდგება სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, სხვა რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან საქართველოში დანიშნულ არჩევნებს. გასული წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვება ვერ შეძლო NDI-მ, იმჟამად არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით.

რადიო თავისუფლება