საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა, კახეთში, წინანდლის ტყეში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი. ისინი თელავის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ზვიადაური გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩა.
ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, სხვა ადვოკატებთან და ზვიადაურთან ერთად იმსჯელებენ, მიმართონ თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
„ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ ზვიადაური საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, პარალელურად ალტერნატივად შევთავაზეთ 50-ათასლარიანი გირაო და ცნობილი სპორტსმენების პირადი თავდებობა. მოსამართლემ პირად თავდებობაზე განჩინებაში ჩაწერა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა რატომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ვერ გავიგეთ. რას ნიშნავს ეს? ამდენ ცნობილ ადამიანს უთხრეს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ თავდებობას?“, - ამბობს ტარიელ მურმანიშვილი.
ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.
სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.
პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.
ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.
რადიო თავისუფლება