საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რეგისტრაციიდან მოხსნილმა, რეგისტრაცია ძალადაკარგულმა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.
უწყების ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდებიან და შესაბამისად მონაწილეობას არჩევნებში ვერ მიიღებენ.
"რეგისტრაციიდან მოხსნილმა, რეგისტრაცია ძალადაკარგულმა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი. აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით",- წერია ცესკოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.