საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ საგანგებო მდგომარეობის საფუძვლით გადაიდოს არჩევნები, „ნაციონალების“ გეგმის ნაწილია, ხელისუფლება ამ მარტივ პროვოკაციას არ წამოეგება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, - ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების მრავალი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ და არავის გადაუდია არჩევნები პანდემიის გამო.
„ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის.
ომბუდსმენმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ინფიცირებულთა რა რაოდენობით ზრდას ელოდებიან არჩევნების შედეგად და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი და „ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას“.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებამდე საქართველოში კორონავირსის დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მეტი იყო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს რიცხვი 3 ათასს გადასცდა და დეკემბრის დასაწყისში მიაღწია პიკს - 5 ათასს.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.