სამართალი
ეუთო-ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებზე

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის შესახებ მეოთხე, ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე.

23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო ბაზასა და მოსამართლეთა დანიშვნების საპარლამენტო პროცესში არსებულმა ხარვეზებმა ზიანი მიაყენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სანდოობას და წარმომადგენლობითობას, რამაც გამოიწვია კრიტიკა საზოგადოების მხრიდან როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით“.

“საერთო ჯამში აღნიშნულ პროცესებს ხელს უშლიდა თანასწორი პირობების არარსებობა და პროცესში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც საბოლოო ჯამში ეჭვის ქვეშ აყენებდა აღნიშნული დანიშვნების სანდოობას, იმასთან დაკავშირებით რომ ეს დანიშვნები ნამდვილად დამსახურებებზე იყო დაფუძნებული და განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, „მაღალი გამჭვირვალობის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენის პროცესს, ხელს უშლიდა კანდიდატებისთვის განსხვავებული პირობების შექმნა, ქცევის ეტიკეტის დარღვევა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა დაპირისპირებები და სერიოზული პრობლემები ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში“.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების დანიშვნის საპარლამენტო ეტაპი „პროცესზე საზოგადოებისა და კანდიდატების მხრიდან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას“ იძლეოდა, „მაინც არ იყო სათანადოდ გარანტირებული ის, რომ კანდიდატთა საბოლოო შერჩევა მოხდა ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების გამოყენებით“.

ანგარიშის თანახმად, მოქმედ სამართლებრივ ნორმაში კვლავაც არ არის პრევენციის მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პოლიტიზების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც იგი პარლამენტს ანიჭებს ქმედებების სრულ თავისუფლებას დაამტკიცოს ან უარყოს რომელიმე კანდიდატი არსებითი დასაბუთების წარდგენისა და დადგენილი კრიტერიუმების დაცვის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

„მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების არასაკმარისმა გამჭვირვალობამ წუხილი გამოიწყვია იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ყველაზე ღირსეული კანდიდიატების შერჩევა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საუბრისას, დოკუმენტი აცხადებს, რომ „კანდიდატების მოსმენა ზოგადად წესების მიხედვით და უმეტესწილად, თანმიმდევრულად წარიმართა, თუმცა სხდომებზე კომიტეტის წევრების ცუდმა დასწრებამ და პოლიტიკურმა ელფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ობიექტურობისა და მოსამართლეთა ღირსებებზე დაფუძნებული დანიშვნების პროცესის სათანადო აღქმაზე“.

ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარე პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უმეტესწილად ნეიტრალუროობას ინარჩუნებდა… მან რამდენჯერმე მანაც გააკეთა განხადებები, ან ჩაერთო კამათში, რაც თავისი არსით პარტიულ ელფერს ატარებდა“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „კომიტეტის მიერ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშში ასახული არ იყო არგუმენტები იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დაუჭირეს, ან არ დაუჭირეს მხარი კანდიდატებს, რამაც ეჭვები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, ემყარებოდა თუ არა მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებს“.

ასევე , „იმ ფაქტმა, რომ კომიტეტის მიერ სამი უარყოფილი კანდიდატიდან ორი იყო ქალი, რომლებსაც უფრო მაღალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ვიდრე, ზოგიერთ იმ კანდიდატს, რომლებსაც მხარი დაუჭირა და ამასთან კომიტეტმა არ წარმოადგინა არგუმენტაცია აღნიშნულის ასახსნელად, ეჭვის ქვეშ დააყენა კანდიდატების დამსახურებებზე დაფუძნებული შერჩევა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი არ მოითხოვდა, იმ ფაქტმა, რომ არ ჩატარდა ამგვარი განხილვა, დიდად ვერ გაზარდა ნდობა აღნიშნული პროცესის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ღირსებებზე დაფუძნებული პრინციპებით წარიმართა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ წარდგენილ ექვსივე კანდიდატს „კენჭისყრაში მონაწილე უმეტესწილად ერთგვაროვანი პოლიტიკური ბლოკის“ წარმომადგენლება დაუჭირეს მხარი.

ეუთო/ოდირი მოუწოდებს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცესი, ვიდრე სასამართლო სისტემაში არ დასრულდება შემდგომი, ქვემოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება“.