საზოგადოება
შარლ მიშელი: გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინაა

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ყირიმი უკრაინაა და მე მოხარული ვარ, ვიყო აქ, თქვენთან, ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტზე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის წინა დღეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას.

„დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ.

ამგვარი არალეგალური ქმედებები ძვირი ჯდება და მომავალშიც ძვირი დაჯდება. ევროკავშირის მიერ 2014 წლიდან დაწესებული შემზღუდავი ზომები არის ამის მკაფიო დემონსტრირება. ამ ზომებს თან ერთვის ყოვლისმომცველი ინსტრუქციები, რომლებიც ზღუდავს ევროკავშირის საქმიანობას ყირიმის ნახევარკუნძულზე და ჩვენი მიზანია იმის უზრუნვეყოფა, რომ არასდროს მოხდეს უკანონო ანექსიის ლეგიტიმაცია. როგორც ვიცით, ევროკავშირი ასევე მიმართავს ზომებს, რათა შეამსუბუქოს ანექსიის შედეგები უკრაინისთვის. განსაკურებული ყურადღება ეთმობა ყირიმის მიმდებარე უკრაინის რეგიონებს. ეს ზომები არის უკრაინისადმი ჩვენი უპრეცედენტო მხარდაჭერის ნაწილი ყველა მიმართულებით, ჩვენი ამბიციური ასოცირების შეთანხმების ფარგლებში: ევროკავშირმა 2014 წლის შემდეგ გამოყო 16 მილიარდ ევროზე მეტი თქვენი ქვეყნისთვის.

უკანონო ანექსია, ყირიმში და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილას. სწორედ ამიტომ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას აქვს ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. უკანონო ანექსია ეწინააღმდეგება ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის შენარჩუნებითაც ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რაც შეიძლება ფართო საეთაშორისო მხარდაჭერისთვის, ყირიმის ანექსიაზე რეგიარებისთვის არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო ადვოკატირების საშუალებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მიშელის განმარტებით, სამწუხაროდ, რუსეთი განაგრძობს იმგვარ მოქმედებას, რაც აძლიერებს ანექსიის ნეგატიურ შედეგებს.

„ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის გაგრძელება მძიმედ აისახება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ეს უნდა გადაიხედოს. ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა კვლავ საშინელი რჩება ნახევარკუნძულის იძულებით ინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსეთის ძალისხმევის გამო. კვლავ გრძელდება ყირიმელი თათრების დევნა და მათზე ზეწოლა, მათი უფლებები უხეშად ირღევა. ყველა ეს ქმედება, და სხვა ქმედებები კუნძულის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს, მსურს, გითხრათ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ გზაზე. გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო და რომ ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.