დღეს, 17 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიხსნება.
ფესტივალის გახსნის საღამოზე ნაჩვენები იქნება კანის ფესტივალის 1984 წლის პრიზიორი სტუდენტური ანიმაციური ფილმი და გაიმართება კინომუსიკის საღამო.
შერჩევის შედეგად ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება კინოსკოლების ნამუშევრები აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, სლოვაკეთიდან, ლატვიიდან, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. გამარჯვებულნი სულ 19 ქვეყნის სხვადასხვა კინოსკოლის სტუდენტური ნამუშევრებიდან გამოვლინდებიან.2011 წლიდან „ამირანით“ მხოლოდ 4 ფილმი დაჯილდოვდება (საუკეთესო მხატვრული ფილმი;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმი) და გაიცემა ჟიურის პრიზი; სპეციალური დიპლომები გადაეცემათ სტუდენტებს სპეციალობების (რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, ხმა, მონტაჟი და სტუდენტ კრიტიკოსთა არჩევანი) მიხედვით, რომელთაც მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში ეუფლებიან.
ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი მასტერკლასსა და პრეზენტაციას ჩაატარებს ან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პირველად ფესტივალის არსებობის მანძილზე, შედგება სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. შერჩევის შედეგად სხვა ქვეყნებიდან ფესტივალზე მოწვეული 15 სტუდენტი რამდენიმე შერეულ ჯგუფად ჩამოყალიბდება, რომელიც ONE SHOT MOVIE-ს პრინციპით გადაიღებს ფილმებს – კო-პროდუქციას. შემდგომში შესაძლებელი იქნება „ამირანის“ სახელით ამ ფილმების სხვადასხვა ფესტივალზე გატანა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს საერთაშორისო მასშტაბით.
20 მაისს ფესტივალი დაიხურება. გამოვლინდებიან გამარჯვებულნი. 21 მაისს კი გაიმართება არასაკონკურსო ჩვენებები.