საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს, ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებს, ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს.
ჩვენ, ერთის მხრივ, გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ისე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ხვალ მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე, ჩვენ განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის სეპარატისტულ რეგიონებში დროებით. ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.
რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალსა და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.