პოლიტიკა
სამხედრო განათლების სფეროში დახმარებას საქართველო ამჯერად აზერბაიჯანს სთავაზობს

axalaiaa3საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ- პოლკოვნიკ საფარ აბიევსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევს შეხვდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველმა მინისტრმა ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის დასრულებამდე ბაჩო ახალაიამ ბაქოს კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოინახულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში გამართული შეხვედრების ძირითადი თემა რეგიონში სანდო და სტაბილური მეზობლობა, თავდაცვითი რეფორმები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხი იყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროების საჩხერის სამთო სკოლაში მომზადება შესთავაზა.

„ქართული მხარე მზადაა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მიღებული გამოცდილება აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიაროს“, – აცხადებენ ახალაიას უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო განათლების სფეროში დახმარება და გამოცდილების გაზიარება თავდაცვის მინისტრმა 1 თვის წინათ სომეხ კოლეგასაც შესთავაზა.