საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს, იუწყება „პირველი არხი“.
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა გუშინ მიიღეს.
ლევან ონიანის გადაყენებას ფარული კენჭისყრით მხარი საკრებულოს 16-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ორი. „ნაციონალური მოძრაობის“ სამკაციან ფრაქციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ონიანმა „ქართული ოცნება“ 12 აგვისტოს დატოვა და „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.
როგორც მანამდე ლევან ონიანმა განაცხადა, მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა.
ამ დროისათვის რუსთავის საკრებულოში 25 წევრია, უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.