სამართალი
ადვოკატები პარლამენტის წინ 5-დღიან შიმშილობას იწყებენ

parl_shenდღეს, 17 მაისს, ადვოკატთა კორპუსი პარლამენტის წინ შიმშილობის 5-დღიან აქციას იწყებს.

„ეს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იქნება შედეგი იმ უკანონობისა და უსამართლობისა, დღევანდელ სამართლებრივ სისტემაში ყოველდღიურად რომ ვაწყდებით. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ მხოლოდ სამართალს ვითხოვთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, აქციაზე ადვოკატები აქამდე გამოუძიებელი რეზონანსული საქმეების, მათ შორის, გურამ შარაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დააყენებენ.

„დღევანდელი სასამართლო სისტემის პოლიტიზებულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2009-დან 2010 წლამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ 40 000-მდე საქმე განიხილა, გამამართლებელი განაჩენი კი მათგან მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოიტანა. მოსამართლის განაჩენი ბრალდების პოზიციაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სადღეისოდ სამართალდამცველები ადვოკატთა აქტიურ დევნას ახორციელებენ. სწორედ ამის დასტურია პატიმრობაში 120 ადვოკატის ყოფნა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ „აქციის ორგანიზატორები თავად ადვოკატები არიან, თუმცა სოლიდარულია თუ არა აღნიშნული საპროტესტო გამოსვლების მიმართ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ“.

დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების შესახებ ადვოკატები ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან, მათ შორის, ისრაელის პრემიერ-მინისტრსაც.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ისრაელ-საქართველოს 26-საუკუნოვანი მეგობრობა წყალში ჩავყაროთ. ისრაელის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით მომხდარ სკანდალს ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. ჩვენ ვიცნობთ საქმის დეტალებს და ვიცით, რომ ორი ებრაელი ბიზნესმენი პატიმრობაში უკანონოდ, მხოლოდ ხელისუფლების სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

აქციის ჩატარების ნებართვის მისაღებად ადვოკატებმა წინასწარ მიმართეს მერიას.