სამართალი
კიწმარიშვილმა სააკაშვილი მითიურ მედეას შეადარა

erosiiსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებს შიდა ტურიზმის განმავითარებლები უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი „ექსკურსის“ დროს ბათუმში, სადაც მათ ხალხი სიტუაციის ასარევად ჰყავდათ ჩაყვანილი, ყველანი შემოეცალნენ და „პირდაფჩენილი“აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ ქალაქს.

სააკაშვილის ამ განცხადებას „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტი „ქვეყნის გამყიდველ“ მედეას შეადარა. „ნამდვილად, საქართველოს რეგიონებიდან ჩასული ადამიანები და, მათ შორის, მეც პირდაფჩენილები ვრჩებით, როცა ვხედავთ იმას, რაც ბათუმში ხდება, როცა ასი წლის ბულვარი ნადგურდება მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც სააკაშვილის მორიგი აკვიატება აშენდეს იქ. მართლა საკვირველია, როცა ვხედავთ იმ გაუგებარ ძეგლებს, რომლებსაც არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ აქვს არც ქალაქთან და არც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის მედეას ძეგლი მინდა, მოვიყვანო. არგონავტების მითის თანახმად, მედეა არის ქალი, რომელმაც უღალატა თავისი ქვეყნის ინტერესებს და წაიღო ის სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას ეკუთვნოდა. სწორედ ეს არის სიმბოლო სააკაშვილის – ქვეყნის გაყიდვა და ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა, სააკაშვილის სიმბოლოა, ასევე, ცნობილი ძეგლი, ქალისა და მამაკაცის, რომელიც ტრიალებს და ბათუმელებმა ძალიან ხატოვანი სახელიც შეარქვეს“, – განაცხადა კიწმარიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.