საზოგადოება
არჩევნები 2021: დამკვირვებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 37 ადგილობრივი და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარეს ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა" (IFES) და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISHR) და აშშ-ის საელჩო.

წინასაარჩევნო პროცესების და არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ასევე 7 მედიასაშუალების 98 ჟურნალისტმა და ოპერატორმა.

დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაცია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დასრულდება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.