პოლიტიკა
„ქართული პარტია“: „გაახილე თვალი, ამერიკა!!!“

american-flagდღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობასთან „ქართული პარტიის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელზეც 200-მდე ადამიანი მივიდა, პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

„გაახილე თვალი, ამერიკა, შეხედე რეალობას, დაუჭირე მხარი არა რეჟიმს, არამედ ქართველ ხალხს!“ – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი კი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამერიკის ადმინისტრაციაა ის ძალა, რომელსაც საქართველოში არსებული ვითარების ერთ დღეში შეცვლა შეუძლია. „დღეს საქართველოს ციხეები გადატენილია პატიმრებით, ბიზნესი დატერორებულია, პოლიცია მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს იცავს, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ და ამერიკის ზეწოლით ერთ დღეშია შესაძლებელი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის საკუთარი მფლობელებისთვის დაბრუნება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატია და არა სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნების უფლება და არა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია!“ – განაცხადა სუბარმა და აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა, ნუ გაცვლის ქართველი ხალხის მეგობრობას ერთი მუჭა ლაქიების მხარდაჭერაზე.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის – ლევან გაჩეჩილაძის, თქმით კი, „ქართველი ხალხი დატანჯულია სააკაშვილის რეჟიმისგან და სჭირდება დიდი სოლიდარობა იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლას სისხლი არ მოჰყვეს“. „არა მგონია, რომელიმე ქვეყანამ გაუძლოს ისეთ პრეზიდენტს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. მსოფლიოსთვის საქართველო უნდა გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მაგალითი“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

აქციას პარტიის სამეგრელოს რაიონის თავმჯდომარე კახა მიქაიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკის პატრონობა არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. საქართველოს კი ამ ქვეყანასთან პარტნიორობა სურს“.

ამასთან, პარტიის წარმომადგენლებმა საელჩოს თანამშრომლებს ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელზე დაწერილი მიმართვა გადასცეს.

„ქართველი ხალხი დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემს და მათი დამკვიდრებისთვის ისწრაფვის, თუმცა ამ მისწრაფებას სააკაშვილის ხელისუფლება ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ჭეშმარიტი დემოკრატია მიუღებელია და ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ მის სუროგატს სთავაზობს. შეუძლებელია, დემოკრატია ვუწოდოთ იმას, რომ ხელისუფლებამ ნაციონალური ტელეარხები საკუთარი პროპაგანდის იარაღად აქცია, სატელეფონო მოსმენები და პირად ცხოვრებაში ჩარევა ჩვეულებრივ ამბად ითვლება; პოლიცია და სპეცსამსახურები პოლიტიზებული არიან; ოპოზიცია და ყოველი განსხვავებული აზრი სასტიკად იდევნება; ქვეყანაში ათეულობით პოლიტპატიმარია; კერძო მესაკუთრეთა ინტერესები ილახება; ბიზნესს მთლიანად სახელისუფლებო კლანები აკონტროლებენ; ხელისუფლება არჩევნებს ტოტალურად აყალბებს.

საქართველოში დემოკრატიის დასამარებას ერთადერთი მიზეზი აქვს: სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო ქმედებებითა და მანიპულაციებით ხელისუფლება მიიტაცა. დასანანია, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ სააკაშვილი თავისი მმართველობის სტილს შეცვლის. ამის გამო სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს, გაიგოს, რატომ უჭერს აშშ მხარს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ მხარდაჭერას ბოროტად იყენებს. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის უგუნური ქმედებები, ნებით თუ უნებლიეთ, ამერიკასაც უკავშირდება და ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის საზიანო შეხედულებების გაღვივებას უწყობს ხელს. მოგიწოდებთ, სააკაშვილის მხარდაჭერა შეწყვიტოთ და საქართველოს დაუჭიროთ მხარი. ეს მოწოდება სწორედ ამერიკისადმი დიდი პატივისცემიდან და იმის გაცნობიერებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია“, – ნათქვამია პარტიის მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული პარტიის“ მიერ გამართულმა აქციამ მშვიდად ჩაიარა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. აქცია, დაახლოებით, 16:00 საათზე დასრულდა.