აქტუალური
ლოთი ქობალია: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებისათვის აღარ არსებობს“

lotiსაქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა და ამ სფეროში დასაქმებულებს ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა, როგორც ყოველთვის, მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ დაემთხვა. გლეხობა ბედის ანაბარაა მიტოვებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ, როგორც მეწარმემ, დაუჯერა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს, რომელმაც ზუგდიდში ჩასვლისას ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა მას და დანარჩენ მეწარმეებსაც. ამ ხელშეწყობის იმედით ლოთი ქობალიამ საკუთარი სახსრებით ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში დაამუშავა 20 ჰა მიწის ნაკვეთი, რათა იქ ე.წ. ჰიბრიდული სიმინდი დაეთესა. მან მოითხოვა, მისთვის მიეცათ საჭირო რაოდენობის სიმინდის ძვირადღირებული თესლი. „მე არავითარი სახსრები არ გამაჩნია და გადავწყვიტე, თესლის საყიდელი ფული ბანკიდან გამომეტანა სესხის სახით, რის სანაცვლოდ ვთავაზობდი, ბანკში ჩაედოთ ჩემი სახლი ოდიშში. ბანკში კი განმიცხადეს, რომ სოფლებში არსებული სახლი გარანტია არ არის. გლეხებს სოფლებში აქვთ სახლები. აბა, ვისაც ქალაქში აქვთ სახლები და რესტორნები, ისინი მიწის დასამუშავებლად არ წავლენ ერგეტაში და სხვა სოფლებში. ვერც ის დავადგინე, რა ღირს ერთი კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი, რადგან კილოგრამობით არ იყიდება – მითხრეს, ერთ ჰექტარს 240 ლარის სიმინდი სჭირდებაო“, – აღნიშნა ლოთი ქობალიამ. დიდი ხვეწნა-მუდარისა და ჩარევის შემდეგ მას მისცეს თანხა, საკმაო პროცენტებით.

ლოთი ქობალიას გაანგარიშებით, მიწის დამუშავება, მოსავლის მოყვანა, აღება-დაბინავება 37 000 ლარამდე დაუჯდება და ისიც ამინდის ხელშეწყობის შემთხვევაში. „თუ გვალვა ან წვიმები იქნა და ვერ შევძელი მოსავლის მოყვანა, საკუთარი სახლის დატოვება მომიწევს და ქუჩაში უნდა დავრჩე. ასე მიჰყავს სახელმწიფოს კატასტროფამდე გლეხობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებისათვის აღარ არსებობს. იმათ კი არ ეხმარებიან, ვისაც უჭირს, არამედ იმათ, ვისაც არ უჭირს. მათი დაპირებები არის ცრუ და ბლეფი. ვერცერთი გლეხი ვერ გადაიხდის იმ თანხას – 1 200 ლარამდე, რომელიც ერთი ჰექტარის დამუშავებას სჭირდება“, – აღნიშნა ლოთი ქობალიამ.

ასე რომ, გლეხობა ბუნების იმედზე უნდა იყოს და არა – ხელისუფლების“.