რელიგია
საპატრიარქოში უარყვეს ინფორმაცია 13 აგვისტოს ილია მეორის ვაქცინაციის შესახებ

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ კვირაში დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ვაქცინაცია.

13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს თავის Facebook-გვერდზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ილია მეორე Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს.

მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაახმოვანა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

მორწმუნეთა ნაწილი უნდობლობით უყურებს ვაქცინაციის პროცესს და მასში აპოკალიფსურ ელემენტებს ხედავს. ბევრ მორწმუნეს სწამს, რომ ვაქცინებში „ჩანერგილია“ ჩიპები, რომლებიც აბორტების შედეგად მიღებული ბიოლოგიური მასალის საფუძველზე შეიქმნა და ა.შ.