ამის შესახებ პარტიის სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც მისი ლიდერები დღეს, 14:00 საათზე, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილი აქციის დროს საელჩოს წარმომადგენლებს პრეზიდენტ ობამასთვის გასაგზავნად გადასცემენ.
„ქართველი ხალხი დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემს და მათი დამკვიდრებისთვის ისწრაფვის, თუმცა ამ მისწრაფებას სააკაშვილის ხელისუფლება ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ჭეშმარიტი დემოკრატია მიუღებელია და ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ მის სუროგატს სთავაზობს. შეუძლებელია, დემოკრატია ვუწოდოთ იმას, რომ ხელისუფლებამ ნაციონალური ტელეარხები საკუთარი პროპაგანდის იარაღად აქცია, სატელეფონო მოსმენები და პირად ცხოვრებაში ჩარევა ჩვეულებრივ ამბად ითვლება; პოლიცია და სპეცსამსახურები პოლიტიზებული არიან; ოპოზიცია და ყოველი განსხვავებული აზრი სასტიკად იდევნება; ქვეყანაში ათეულობით პოლიტპატიმარია; კერძო მესაკუთრეთა ინტერესები ილახება; ბიზნესს მთლიანად სახელისუფლებო კლანები აკონტროლებენ; ხელისუფლება არჩევნებს ტოტალურად აყალბებს.საქართველოში დემოკრატიის დასამარებას ერთადერთი მიზეზი აქვს: სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო ქმედებებითა და მანიპულაციებით ხელისუფლება მიიტაცა. დასანანია, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ სააკაშვილი თავისი მმართველობის სტილს შეცვლის. ამის გამო სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს, გაიგოს, რატომ უჭერს აშშ მხარს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ მხარდაჭერას ბოროტად იყენებს. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის უგუნური ქმედებები, ნებით თუ უნებლიეთ, ამერიკასაც უკავშირდება და ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის საზიანო შეხედულებების გაღვივებას უწყობს ხელს. მოგიწოდებთ, სააკაშვილის მხარდაჭერა შეწყვიტოთ და საქართველოს დაუჭიროთ მხარი. ეს მოწოდება სწორედ ამერიკისადმი დიდი პატივისცემიდან და იმის გაცნობიერებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია“, – ნათქვამია პარტიის მიმართვაში.
ამასთან, პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დღევანდელი აქციის მსვლელობისას ყველანაირი პროვოკაციისგან თავი შეიკავოს.