პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს ალტერნატიული საარჩევნო პაკეტით მიმართავს

kukavaროგორც საქინფორმს პარტიიდან აცნობეს, „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ  საარჩევნო გარემოს რეალური და არა კოსმეტიკური რეფორმის შემთხვევაში. სწორედ ამის გამო პარტიამ ალტერნატიული საარჩევნო პაკეტი მოამზადა, რომელიც არა მხოლოდ ბიომეტრიული მოწმობების გაცემას, არამედ უმთავრეს პრიორიტეტებს – პოლიციის დეპოლიტიზებასა და მედიის გათავისუფლებას, აგრეთვე, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტის საფუძველზე ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე საარჩევნო მოლაპარაკებათა პროცესი კრახით დასრულდა, რაც პრაქტიკულად აღიარა როგორც მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციამ, რომელმაც პროცესი შეაჩერა, ისე ხელისუფლებამ, რომელმაც ე.წ. ინდივიდუალური კონსულტაციების დაწყება გამოაცხადა. ვთვლით, რომ არანაირი აზრი არ აქვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებას, რაც ხელისუფლებისა და მისი სატელიტებისათვის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის საშუალებას წარმოადგენს. სწორედ ამისტომ უშუალოდ შეგვაქვს ეს პროექტი პარლამენტში 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია (ყველა ხელმოწერა ჩვენ მიერ დამოწმებული იქნება ნოტარიული წესით, ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად)“, – აღნიშნავენ კუკავას პარტიაში.

მათივე თქმით, „პარტია 21 მაისისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასაც გეგმავს და 21 მაისის შემდეგაც ყველა უკომპრომისო ოპოზიციურ ძალასთან ერთად ორგანიზებას გაუწევს მასობრივ პროტესტს, რათა აიძულონ ხელისუფლება, დაამტკიცოს წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი“.