საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 13 წლისთავზე გავრცელებული განცხადებით, რუსეთმა 13 წლის წინ, სწორედ საქართველოში მოსინჯა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა შელახვის აგრესიული პოლიტიკა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 13 წლის შემდეგ – 2021 წ. იანვარში – ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის მქონე სახელმწიფოა, რომელიც პასუხისმგებელია 2008 წლის ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში.
სამინისტროს თქმით, ამ ვერდიქტის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზების გამაგრებას მავთულხლართებით, ხელს უშლის დევნილთა დაბრუნებას თავიანთ სახლებში.
საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და იქ მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის სახით.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამინისტროს თქმით, საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ასევე, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ.
სამინისტროს თქმით: „ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მუშაობას.
სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართა, ქმედითი ძალისხმევა გასწიოს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხებას და სათანადოდ შეაფასოს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში.