საზოგადოება
საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ ოფიციალური განცხადება

dumas_masalaსაქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირ „ნათლის მხედარს“, როგორც დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, მის წინააღმდეგ ამ ბოლო დროს წამოწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ინიციატორებისა და მონაწილეების – ყველა იმ ფეისბუქელის, რომელთაც ამ ბოლო დღეებში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს და განახორციელეს უხამსი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ცილისმწამებლური თავდასხმა, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით შეიქმნა და მისი წევრები სააკაშვილისა და მერაბიშვილის აგენტები არიან, ბრიტანეთის სასამართლოში შეაქვს საჩივარი.

„ნათლის მხედარი“, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი (The Knigh of the light, international union for salvation of Georgia UK Ltd ), რეგისტრირებულია როგორც საერთაშორისო კომპანია და საქართველო მისი „ტრეიდინგის“ ერთ-ერთ არეალად არის მოხსენიებული მისი „ასოციაციის სტატიებში“(Articles of Association of UK Limited Company). ეს კი ხდება კავშირის ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაცვის გარანტიც. ამ ქვეყნებს შორის მოხსენიებულია, ასევე, ევროპის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები.

ყალბ ავატარებსა და ელექტრონულ საფოსტო მისამართებს ამოფარებული ცილისმწამებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას და ამტკიცებენ, რომ თითქოს მათ ვინმე ემუქრებათ ან ამცირებთ. არადა, კანონის თვალში შეუძლებელია არარსებული პიროვნებების დამცირება.

რაც შეეხება ინტერნეტშესაძლებლობებს, საბედნიეროდ, Facebook-ს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიები აქვს. მსგავსი ტექნოლოგიური სისტემები გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში ტერორისტების, პედოფილებისა და სხვა კრიმინალების გასაშიფრავად და დასაკავებლად. თავიანთი დანაშაულებრივი კვალის დასაფარავად ტექნიკური ინფორმირება ასეთებს არ აკლიათ, თუმცა მათი „პროგრესი“ ამ სფეროში ბევრად ჩამოუვარდება სახელმწიფო ტექნოლოგიურ დონეს. მითუმეტეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები არ არიან დაზღვეული, არ გაიშიფრონ, მიუხედავად იმისა, რომელი კომპიუტერიდან შედიან ქსელში.

მავანთა აზრით, Facebook სწორედაც ამ მიზნით შეიქმნა, რათა გამოყენებულ იქნეს როგორც ეგრეთ წოდებული ხაფანგი ადამიანების გასაკონტროლებლად.

მსგავსი ცილისმწამებლური გამოხდომები და დაუსრულებელი შეურაცხყოფა ხელს უშლის და აფერხებს „ნათლის მხედრის“, როგორც ახალდაარსებული ბრიტანული კომპანიის, საქმიანობასა და განვითარებას სასურველი ტემპითა და მიმართულებით (ვინაიდან „ნათლის მხედრის“ შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ განისაზღრება შემოწირულობები და საწევრო გადასახადები).

სოციალურ ქსელ „Facebook“-ში „ნათლის მხედრის“ წინააღმდეგ გავრცელებული უხამსობებისა და ცილისწამების ყველა ავტორს პასუხისმგებლობა დაეკისრება ბრიტანეთის ცილისწამების კანონის, ანუ „Defamation law“-ის დარღვევისათვის და ამ შემთხვევაში ვერც ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შესახებ დაიცავს მათ, რადგან, მათდა საუბედუროდ, ზემოაღნიშნული კანონი ეფექტიანია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული ბრალდებების დამტკიცება ძალუძთ. ამას კი, თავადაც კარგად მოეხსენებათ, ვერ შეძლებენ.

„ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა ცილისწამების დადგენის არაერთ პროცესს დასწრებია ბრიტანულ სასამართლოში და კარგად იცნობს სასამართლო პროცედურას. ცილიმწამებელთა წინააღმდეგ კი იგი სწორედ კანონით შეიარაღებული გამოდის, ამ შემთხვევაში, წიგნით „აუცილებელი კანონი ჟურნალისტთათვის“, ავტორები: ტომ ველში, უოლტერ გრინვუდი, მე-16 გამოცემა (Essential Law for journalists Author Tom Welsh, walter Greenwood. Butterworths publishers. 16 th edition), გვ.186. ეს წიგნი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ყველა ჟურნალისტის თანამდევი ატრიბუტია, მათ შორის, ქალბატონი დიუმასიც, რათა უნებლიე კანონდარღვევა თავიდან იქნეს აცილებული.

პროცედურა კი ასეთია:

მოსამართლე აძლევს დირექტივას ჟიურის (ცილისწამების დადგენა სწორედ ჟიურის ძალით გასამართლებით ხდება), რომ განცხადება პიროვნების წინააღმდეგ ცილისმწამებლურია, თუ ის ცდილობს:

 

1) დაუქვემდებაროს ის (პიროვნება) სიძულვილს, ქილიკს ან აბუჩად აგდებას;

To expose him to hatred, ridicule, or contmept;

2) გამოიწვიოს მისი (პიროვნების) სხვათა მიერ აცილება ან არიდება;

Cause him to be shunned, or avoided;

3) საყოველთაოდ დაამციროს ის საღად მოაზროვნე საზოგადოების წევრთა თვალში;

Lower him in the estimation of right-thinking members of society generally;

4) დაამციროს ის თავის საქმიანობაში, ვაჭრობაში, სამსახურში, პროფესიაში;

Disparge him in his business, trade , office, or prefession.

 

მიაქციეთ ყურადღება სიტყვას – „ცდილობს“, რადგან მომჩივანს სასამართლოს მოგებისთვის არ ესაჭიროება, დაამტკიცოს, რომ უკვე მოხდა მისი დისკრედიტაცია, არამედ, რომ იყო მცდელობა მისი დისკრედიტაციისა.

ბრიტანული კანონის მიხედვით, „ნათლის მხედარი“, როგორც გარანტიით შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, მიჩნეულია როგორც ცალკე პიროვნება და მას იცავს ყველა ის კანონი, რაც – ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქეს.

„A limited company is a legal entity, which in the eyes of the law, is a separate person“.

გამომდინარე იქიდან, რომ „ნათლის მხედარი“ არის ბრიტანეთის „Company House“-ს საკუთრება, „ნათლის მხედარზე“ თავდასხმა ამ უდიდეს ინსტიტუტზე თავდასხმაცაა. ამასთან, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც და მის პრეზიდენტსაც, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, კანონი იცავთ. გარდა „ნათლის მხედრისა“, რამდენიმე პიროვნების დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვისაც აგებენ პასუხს ზემოაღნიშნული facebook-ელები და მოუწევთ ბრიტანული კანონის წინაშე აღიარება იმისა, თუ ვისი დავალებით განხორციელდა დანაშაულებრივი თავდასხმა „ნათლის მხედარზე“. მით უმეტეს, როცა ამ თავდასხმას დაერთო კავშირის ზოგიერთი წევრის, განსაკუთრებით, ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც, თავის მხრივ, ცალკე დანაშაულია.

ზოგიერთთაგან ქაღალდზე არსებულ ორგანიზაციად შერაცხილ „ნათლის მხედარს“ ხელთ აქვს ყველა ცილისმწამებლის დოკუმენტური მასალა, რაც სრულიად საკმარისია საჩივრის შესატანად. ამ ბოლო დროს ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ მრავალი საქმე იქნა მოგებული სწორედ სოციალურ ქსელებში – „Facebook“-სა და „Twitter“-ში ცილისწამებისთვის.

 

P.S. მათ, ვინც „ნათლის მხედარს“ ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფინანსებაში, თავადაც მშვენივრად იციან ორგანიზაციის ფინანსური შესაძლებლობები, რაც, უდავოა, წამახალისებელ ფაქტორად იქცა მათ მიერ უხამსი კამპანიის წამოსაწყებად. თუმცა, როგორც შემოსავლის არმქონე (Non-profit) ორგანიზაციას და პირადად ორგანიზატორებს, ადვოკატის მომსახურება უფასო აქვთ და სასამართლოს ხარჯებსაც მთლიანად სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი გაიღებს.

 

საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა

16 მაისი, 2011 წელი

12:00 სთ