საზოგადოება
დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. 12 აგვისტოს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება. „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც მზადება უკვე დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაციას წარმოადგენს გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ოთხი კოლოფი მონაწილეობს – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.

12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება.