საზოგადოება
ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან სავალალო სიტუაციაა და სიკვდილობის ყოველდღიური მაჩვენებელი 50-ზე ავა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებით, აგვისტოს ბოლოსკენ საქართველოში დელტა ვარიანტი დომინანტი იქნება. კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა შეზღუდვების დაწესების წინაშე დგას.

„არსებული ციფრებით პანდემიის მართვა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, ვფიქრობ, აუცილებელია.

როგორც ერთი ექიმი, ექსპერტი, საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ, მოწოდება იყოს რესპირატორების გამოყენებაზე ასაკოვან ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. მიმაჩნია, აუცილებლად 5-10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. ალბათ, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ღია სივრცეში უნდა იყოს კვების ობიექტები დაშვებული, რადგან ეს არის სივრცეები, სადაც ადამიანები კვების დროს ვერ იყენებენ პირბადეს; აუცილებელია ტესტირების დიდი რაოდენობა, რათა მეტი დაავადებული გამოვავლინოთ, მათი იზოლაცია და კარანტინი შევძლოთ. რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ ადამიანებს საშუალება, დროის მოკლე მონაკვეთში გაიკეთონ ვაქცინა“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ამჟამად ძალიან სავალალო სიტუაციაა და სიკვდილობის ყოველდღიური მაჩვენებელი 50-ზე ავა.

„ეს ძალიან ტრაგიკული და სავალალოა. მყისიერად გადასადგმელია ნაბიჯები და არსებული რეგულაციების აღსრულებაზე ძალიან სერიოზული მეთვალყურეობის და მონიტორინგის დაწესებაა საჭირო“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.