რელიგია
კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრემიერს ეკლესიისთვის ანჩისხატის დაბრუნებას სთხოვს

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაბრუნებას ითხოვს.

პატრიარქის თქმით, ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა „დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი“.

„ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია წერილში.

პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წელს ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავი აღინიშნება და „თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი“.

ქრისტიანული წყაროებით,ანჩისხატი ქრისტეს „ხელთუქმნელი ხატია“. ხელოვნების ისტორიკოსების თქმით, ხატი შუა საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. შუა საუკუნეებში, ხატი საქართველოს სამეფოს ისტორიულ მხარეში, კლარჯეთში (დღევანდელ თურქეთში), ანჩის საეპისკოპოსოში ინახებოდა. მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში, ოსმალთა მიერ ამ ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხატი თბილისში გადმოიტანეს. მას შემდეგ, ის ანჩისხატის სახელობის ეკლესიაში ინახებოდა, სანამ ადრეულ საბჭოთა წლებში მას ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გადაიტანდნენ.