პუბლიკაციები
რობერტ სტურუა: „ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში“ თავს!“

sturuaსაქინფორმის სტუმარია საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტი, გამოჩენილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა.

– ბატონო რობიკო, ხელოვნებას საზღვრები და ეროვნება არ აქვს. თქვენ ყველა ქვეყანაში მიღებული პიროვნება ბრძანდებით. უყვარხართ რუსეთშიც, რომელთანაც დღეს ჩვენ გაფუჭებული ურთიერთობა გვაქვს, ამერიკული ჯაზიც მოგწონთ და თქვენი შემოქმედებიდანაც ჩანს, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები ხართ. დღეს საქართველოში ამერიკანიზაციაა აქტუალური. ასეთი ლოზუნგია: „არაფერი რუსული, მხოლოდ ამერიკული“ – თან ინგლისურად... 

– მე ვფიქრობ, რომ ამას წყვეტს ერთი კაცი. მას უნდა და აკეთებს ასე. ლოგიკა ამაში არ არის. სხვა მხარე, კერძოდ, ის, რომ ბევრს განათლებისთვის რუსულად კითხვა სჭირდება, თეატრში რუსული კლასიკის ნიმუშებია, არ აინტერესებს. „ფეისბუკზე“ ვნახე პუტინის ბანაობის ფოტოები დელფინებთან. ორი კვირით ადრეა გადაღებული, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი დელფინს თავს პირში ჩაუყოფდა. ჩანს, რომ პირდაპირ ბაძავს რუსეთის პრეზიდენტს.

– ჩვენთან პირიქით აშუქებენ – რუსეთის პრეზიდენტი რომ ბაძავს საქართველოსას. რუსეთის პრეზიდენტი მედვედევია, ბატონო რობიკო, მაგრამ ყველა პუტინს აღიქვამს პრეზიდენტად, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლებაც... 

– შესაძლოა, პოლიციის რეფორმაში მართლაც ასე იყოს, მაგრამ იმდენად საშინელია ეს ყველაფერი... საუბარიც მიჭირს. მკითხეს – რა არის თქვენთვის ყველაზე საშინელი, რაც დღეს ხდებაო... ეს არის ის გამჭვირვალე შენობები, თავისი სარდაფებით, სადაც, ყველამ ვიცით, რაც ხდება; სიცრუე, რამაც დღეს ყველა სფერო გაჟღინთა,მოქცეულია ამ „ბროლის სასახლეებში“. ჩვენ უკვე ყველაფერში ერთმანეთს ვატყუებთ. ყველაფერს ეშველება ამ ტყუილის გარდა. რაც მთავარია, ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში“ თავს! ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. იგივე საბჭოთა კავშირის დროს „ლენინი“ რომ აგვიკრძალეს... ყველამ იცოდა, რომ არასწორი იყვნენ.

მინისტრის მოადგილე პოპოვმა გამომიძახა ერთხელ და მითხრა – რობერტ, ვიცით ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება ამაზე საუბარიო. ამაში პატიოსნება მეტი იგრძნობოდა... უნდათ სტერეოტიპის დანგრევა, მაგრამ ეშინიათ. ესენი გატყუებენ, რომ ანგრევენ... სჯერათ, რასაც აკეთებენ.

– არაფრისაც არ სჯერათ. ჩვენ გვატყუებენ, რომ სჯერათ. ბოლო პერიოდის კომუნისტებსაც თუ შევადარებთ, ზნეობაც, მორალიც, კანონიც იქ ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა. ყველაფერი რაღაც პარანოიდალობამდეა მისული – ისტორიის ათვლა 2003 წლიდან დავიწყეთ. უნდოდათ რაღაც ახალი წელთაღრიცხვის დაწყება და ეს ბოლო – 9 მაისის 8 მაისს აღნიშვნა... იმიტომ, რომ ევროპამ ომი 8-ში დაასრულაო. ამ დროს, ოფიციალურად უქმეა. ხელისუფლება გამარჯვების დღეს ვეტერანებს ვაკის პარკში ულოცავდა. ჩვენთვის ომი 9 მაისს დასრულდა. ასეთი მიდგომით, ნაციონალები პარლამენტში 22 ნოემბერს შეიჭრნენ, მაგრამ გააფორმეს 23-ში, გიორგობას. ხალხის ამ უბედურების დასაწყისს – 22-ს რატომ არ აღნიშნავენ? 

– 8 მაისს, ხუთ საათზე, ჩვენთან ვეტერანებისთვის სპექტაკლი იყო. მათთვის ბუფეტში ალაფურშეტი მოვაწყვეთ – ძეხვის, ყველის ბუტერბროტებით. ეს საწყალი ხალხი – მთელი დარბაზი გავიდა. ჩვენც სპექტაკლი შევაჩერეთ, მათთვის დანაყრების შესაძლებლობა რომ მიგვეცა.

– მიწისქვეშა გადასასვლელებში თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენლები დგანან... უკრავენ და საარსებო სახსრებს აგროვებენ. ადრე მათხოვრები იყვნენ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საქართველოში ხალხი არასდროს ყოფილა. ამ დროს, ვხედავთ მილიონებიან თვითმფრინავებს, ჩამოჰყავთ ვიღაც დოტი, მომღერლები... რეჟისორი ბრძანდებით, უკეთ დაინახავთ. მგონი, ჩვენს პირველ პირს „როლი“ კარგად აქვს მორგებული. ამ ნიღბით კი იმას ასრულებს, რაც დავალებული აქვს და ფულს უხდიან.  

– ვინ შეიძლება იყოს ეს – ამერიკა? მართალი ხართ... რუსეთიცა და ამერიკაც მონაწილეობდა ამ ხელისუფლების მოყვანაში.

– ამ ორი ქვეყნიდან რომელიმეს ხალხის მისადმი კარგი განწყობა თუ სურს, ადამიანი, რომელიც აქცევს ქვეყანას, არ უნდა გააჩეროს და გაანეიტრალოს? ამ აგდებულმა, მარაზმამდე მისულმა ამერიკულმა დამოკიდებულებამ გამოწვია ის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ვინც უნდა გააჩერო, ჩუმად ყველა გეტყვის, რომ მაინც რუსეთი ურჩევნია, გნებავთ, კულტურულად, გნებავთ, მენტალურად, გნებავთ, რელიგიურად... ეს არ არის ბავშვობიდან გამოყოლილი ნოსტალგია. ამაზე უწმინდესის აზრიც ყველამ იცის. რუსეთში მონად ქართველს თავი არასდროს უგრძვნია. დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ საქართველო ამერიკის შტატი თუ კოლონია უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი, პარტნიორი ქვეყანა. 

– ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.

– ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ? 

– სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?

– თავად უარყოფს ამას. ეს გასაგებია, მაგრამ იყოს სომეხი! იყოს შუშანიკი – ფეხებს დავუკოცნით. უდიდესი შანსი ჰქონდა, დიდი პიროვნება გამხდარიყო...

– მერე ეგ შუშანიკივით ექცევა საქართველოს?

– ამიტომ არის ეჭვი, რომ რასაც აკეთებს, დაავალეს. გაჟღერდა „თავისუფალი ეკონომიკის“ იდეაც. საკუთარი სუფთა პროდუქციით მსოფლიო ბაზარზე გასვლა ქვეყნისთვის კარგია. ასეთი ბაზარი ადრე ჩვენთვის რუსეთში იყო. ეს გაგვიუქმეს. ხელისუფლებისვე ექსპერტები აღიარებენ, რომ ეკონომიკა აღარ არსებობს. ინვესტორი იმ შემთხვევაში შემოვა, თუ იაფ მუშახელს დაინახავს... აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული! ამ გლობალურ ინტერესს ატარებს ამერიკა ლათინური ქვეყნების მიმართაც. აშკარა ხდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით ჩვენ დასავლეთისთვის „იაფი მუშახელის“ გაუნათლებელ, გაჭირვებულ რესურსად გვამზადებენ. თავიანთ შვილებს სულ „ოქსფორდებსა“ და „კემბრიჯებში“, კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიან. კოლუმბიის უნივერსიტეტიც 1925 წლიდან ცერეუს „გავლენის აგენტების“ მომზადების სამჭედლოდ ითვლება. ამათ იქ იწავლეს, მოამზადეს და გამოუშვეს საქართველოში.

– ე.ი. გამოდის, საქართველოს გასანადგურებლად მოიყვანეს?

– დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის სომხურმა ლობმა მოიყვანა ესენი. თვითონ აქ ცხოვრებას ესენი აღარ ფიქრობენ – აღარ დაედგომებათ. საქართველოსაც, ალბათ, ამერიკასა და დასავლეთს უმზადებენ გაუნათლებელი და იაფი მუშახელით. ისეთი პირი უჩანს, ამათ მალე მოაშორებენ. ჩვენ კი სამუდამოდ სამტროდ უნდა გადავეკიდოთ რუსეთს?

– მეჩვენება, რომ ჩვენ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე რაღაც არ ვიცით. ადამიანმა, ვისიც მჯერა და იქ იყო, მომიყვა, რომ პირველ შეხვედრაზე პუტინთან მან დააგვიანა და პუტინი ხალათში გამოვიდა. ჩვენმა პრეზიდენტმა მხარზე ხელი დაარტყა, საკმაოდ თავხედურადაც იქცეოდა. შენობით მიმართა: „Я бы тоже искупался бы с тобой“... ის დაბნეულა. იქნებ, რაღაც ხდება და ჩვენ არ ვიცით?

– ჩემი ასეთივე სანდო ინფორმაციით, პრეზიდენტს ნატოზე უარის სანაცვლოდ, პუტინი დროებით დაკარგული მიწების დაბრუნებასაც დაჰპირდა. ნაციონალები ამერიკასთან უკვე ვალში იყვნენ და სააკაშვილისგან უარი მიიღო. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეკონომიკური ბერკეტების რუსეთისთვის გადაცემა ამერიკა-რუსეთის გარიგების ნაწილია. თუ რუსეთს ვემხრობით და „დაგვიპყრო“, მოსახლეობას „მოდელირებული ქრონიკებით“ ნერვებს ნუღარ უშლიან და ღიად გვითხრან – იქნებ, ხალხიც დაეთანხმოს ურთიერთობების აღდგენას? ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულებაც სადისტებსა და მანიაკებს აქვთ. დღევანდელ პოლიტიკურ ჯგუფს ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები სოციოპათებს უწოდებენ. იცი, ხალხი რომ იტანჯება და კმაყოფილი ხარ?! ვერ იტყვიან, რომ არ იციან – იციან! თვითკმაყოფილება კი ნიშნავს, რომ ეს შეგნებულად ხდება. ამათი ქცევის შესახებ იცის როგორც შტატების, ისე რუსეთის სპეცსამსახურებმაც. იციან ხელისუფლების დასავლელმა მრჩევლებმაც. ამერიკის მხრიდან ასეთი პოლიტიკის გამიზნულად გატარების ეჭვს სწორედ ეს აჩენს. ბრიტანეთშიც იყო სოციოპათების ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობა. ეს იქაურმა ულტრანაციონალისტურმა ფრთამ აღკვეთა. „საქართველოს მეგობრებმა“ წაიყვანონ ასეთი ხელისუფლება, ნებისმიერი ფორმით მოგვაცილონ.

– საქმეც ისაა, რომ ვეღარ წაიყვანენ. წაჰყვება, მაგრამ უკვე კრიმინალია და დაჭერა ემუქრება. ცეერუს პოზიციიდან კი, განადგურება რჩება.

– ჩვენ რა დავაშავეთ? გლობალურ დასავლეთში ეს პრაქტიკაც არსებობს. თუნდაც, ალდე მოროს შემთხვევაში. ჩვენმა ხელისუფლებამაც საკმაოდ ბევრი იცის. იცის მისმა მეუღლემაც... ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით, განადგურებას სხვა გზას ვარჩევდი. დაასაქმონ უნივერსიტეტში, სკოლაში... ბოლოს და ბოლოს, ციხეში ჯდომაც ჯობს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, შენგან – საქართველოსგან – ზურგში რაკეტით, ბაზებით თუ სხვა რამით საფრთხე არ დაემუქროს. ამის გარანტიის შემთხვევაში ის თავს დაგანებებს და ურთიერთობის აღდგენაც შესაძლებელი ხდება. ამათ შემდეგ მაინც, თუნდაც, მიწაწყლის დასაბრუნებლად, რაც რუსეთმაც კარგად იცის, რომ ჩვენია, არ უნდა ვეცადოთ ურთიერთობის მოწესრიგებასაც და ბაზრის დაბრუნებასაც?! გვაქვს კიდევ ამის შანსი? ყველა აღნიშნავს რომ რუსეთს განსაკუთრებულად უყვარს ქართველები...

– ნამდვილად ასეა. კავკასიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მე ასე პესიმისტურად არ ვუყურებ სიტუაციას. უფრო რაღაც სასწაულის იმედი გვაქვს. უკეთესი იქნება თუ უარესი, ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია. კარის მეზობელთან ურთიერთობა თუ არ აღადგინე, დაღუპული ხარ.

– ხალხიც, ჩემი თაობაც მართლა დაიღალა გაუთავებელი „გაუმარ-ჯოს-ჯოს!“ ყვირილით. დღევანდელი პროცესიც – როგორც „ფერადოვანი რევოლუციების“ – სადღაც დაწერილი და დაგეგმილი ხომ არ არის? ხალხი ისევ იფიქრებს, რომ თვითონ მოახდინა, მაგრამ ისევ ვიღაცის ინტერესით მოხდება... იგივე, რაც მუსლიმანურ სამყაროში ხდება...

– კარგად ვიცით ლათინური ამერიკის ურთიერთობა ამერიკასთან. არგენტინაში ხშირად დავდივარ და ვიცით, რაც მოხდა. ფაქტობრივად, ამერიკამ დაიპყრო სრულად. ჩადო დიდი ფული... გადაარჩინა კოლაფსს, მაგრამ, ფაქტობრივად,არგენტინა, როგორც ქვეყანა, გაქრა. ძალიან მომწონდა ხალხიც და ქვეყანაც...

– სწორედ ეს ხომ არ არის ამერიკის ის გლობალისტური გეგმა, რომელშიც, პრაქტიკულად, ჩვენც მოგვაქციეს. ხომ არ სურს ამერიკას საქართველოც არგენტინის მსაგავსად „გადაყლაპოს“?

– მეთ დეიმონის ნათამაშები „მწვანე ზონა“ თუ გაქვთ ნანახი? ერაყის ომზეა... ეძებენ ჰუსეინის იარაღს. ირკვევა, რომ ვიღაც ჩინოვნიკს ერთი საფეხურით წაწევა მოუნდა – შეადგინა ცრუ რუკები და ამერიკას დააწყებინა ომი. მენიშნა! აქ რომ საშინელი ტიპი – მრჩეველი მეთიუ ბრაიზა იყო, ისიც თითქოს თავისი ინტერესებით მოქმედებდა. ალბათ, ისევ ქართველი ერის გონიერებამ და სიბრძნემ უნდა განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯების ბედი და რუსეთიც შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდეს.

გასტროლებით პარიზში მიბრძანდებით, შემდეგ ლონდონში და ბოლოს – რუსეთში. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო რობიკო. ისევ კულტურა, ხელოვნება და სულიერად საღი აზრი თუ გვიშველის დღეს ჩვენ.

 

 

ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“