აქტუალური
ირაკლი კობახიძე: შეთანხმება ანულირებულია

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენ პოზიცია და გავაცანით. რაც შეეხება შეთანხმებას, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არათუ ამ შეთანხმებას დავუბრუნდებით, არამედ გამორიცხულია, მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ, ბუნებრივია, ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა, თუნდაც დროებით, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ გვქონდა საუბარი, ერთია რომ ეს იყო დახურული და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პრეზიდენტს აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე. ძირითადი საუბრის თემა ეს იყო. ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ და თქვენ გახსოვთ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდა ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე, მაშინ შეიძლება მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მოეწერათ ხელი ამ პოლიტიკურ პარტიებს და დეპუტატებს მიშელის დოკუმენტებზე, მაგრამ ახლა ბუნებრივია, დაგვიანებულია. მკაფიოდ განვაცხადეთ და პატარა ბავშვები არ ვართ, განვაცხადეთ, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება და ამ ანულირების მიზეზი არის ის ოთხი პოლიტიკური პარტია, ის 30-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც ხელს არ აწერდა დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში. ასევე, სხვა პარტიებიც არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ხელს აწერდნენ, მაგრამ მხარს არ უჭერდნენ კონკრეტულ ინციატივებს ამ დოკუმენტიდან გამომდინარე. ისინი არიან რა თქმა უნდა პასუხისმგებლები. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ – ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და რასაკვირველია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ და ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ანულირებულია და ასეთი ტიპის შეთანხმებას არასდროს აღარ მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.