საზოგადოება
IRI: „ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%, პარტია „საქართველოსთვის“ – 9%

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვა, ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართულ ოცნებას“ – 26%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%-ით; „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარიას პარტიას 9% ასახელებს, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტიას“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიას, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ – 2-2%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

ლევან ვასაძის პარტიას, „ევროპულ საქართველოს“, ანა დოლიძის პარტიას, ელენე ხოშტარიას მოძრაობასა და „გირჩს“ – 1-1%-იანი მაჩვენებელი აქვთ. 1% – სხვა პარტიებს, არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%, შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გასცა 20%-მა პროცენტმა, 7%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.