პოლიტიკა
ცესკოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მეოთხე ცდაზე, 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ახალ თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მისმა მეტოქემ, გიორგი სანტურიანმა მხოლოდ ოთხი ხმა მიიღო. სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა არ დასწრებია.

კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტს ექვსი თვის ვადით დაიკავებს, რადგანაც სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა იგი ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩიეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთა მხარდაჭერაც აუცილებელი იყო ახალი თავმჯდომარის 5 წლიანი ვადით ასარჩევად, ორივე კანდიდატი დაიწუნეს.

ივნისში მიღებული ცვლილებებით, რომლებზედაც ქართული ოცნებასა და ოპოზიცია 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული დოკუმენტით მორიგდნენ, თავმჯდომარეობის კანდიდატს 5 წლით პოსტის დასაკავებლად პირველ ორ კენჭისყრაზე ფართო კონსენსუსი და ხმების 2/3-ით უნდა მოეპოვებინა. მესამე მცდელობა კანდიდატის მიერ 150-კაციანი პარლამენტის 3/5-ით ხმების მიღებას მოითხოვდა.

რადგანაც ოპოზიციამ არცერთ რაუნდზე დაუჭირა მხარი კალანდარიშვილსა თუ სანტურიანს, მმართველ პარტიას ახალი თავმჯდომარის უბრალო უმრავლესობით არჩევა მოუხდა.

პარლამენტმა ცესკოს ორი ახალი წევრიც აირჩია. გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ 81-81 ხმა მიიღეს. ცაცაშვილის ოპონენტმა ლელა ტალიურმა, რომელსაც არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, მხოლოდ 8 ხმა მიიღო. ასევე, მხოლოდ რვა ხმა ერგო ზარიძის კონკურენტ თამარ სართანიას, რომელსაც ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

შერჩევის პროცესი კრიტიკის ფონზე წარიმართა. 27 ივლისს, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ ქართული ოცნების ლიდერები დაადანაშაულა, რომ მათ არ სურდათ პოლიტიკური კონსენსუსის გზით ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. ორგანიზაციამ ამის მაგალითად ის ფაქტი მოიყვანა, რომ მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრებს შორის 4 კვირიანი შუალედი 1 კვირამდე დაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება 28 ივლისს დატოვა.

კალანდარიშვილის წინამორბედმა თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 1 ივლისს დატოვა და თქვა, რომ „საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის“. ოპოზიცია ჟვანიას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას დიდხანს ითხოვდა. თუმცა, ოპოზიციის ამ ბრალდებებს ჟვანიაც და ქართული ოცნების მთავრობაც უარყოფენ.

რაც შეეხება ცესკოში ორი ახალი წევრის შერჩევას, ამის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც განახლებული საარჩევნო კოდექსის თანახმად, მათი რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, რომელთა შორისაც პროფესიული ნიშნით უკვე არა 6, არამედ 8 წევრი უნდა იყოს არჩეული.