პოლიტიკა
„ლეღვის ფოთლები“, „რადიკალები“ და გახარებული „ნაციონალები“

burj--oqro-----sulaბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, მტრად გადაეკიდნენ. ტელეეკრანებიდან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის დამცირებისა და ლანძღვის მეტი არაფერი ისმის, რაც ნაციონალური ტელეარხების აქტიური განსჯის საგანი ხდება.

ტელეკომპანია „კავკასიისა“ თუ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით უფრო აქტუალური და საინტერესო საუბრებიც მოუსმენია საზოგადოებას, მათ შორის, ხელისუფლების სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე, თუმცა „იმედი“ და „რუსთავი 2“, რომელთაც, „კავკასიისა“ და „მაესტროსგან“ განსხვავებით, მაუწყებლობაზე ხელი არა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიუწვდებათ, ე.წ. ოპოზიციური არხების ეთერით გასულ მხოლოდ იმ ინფორმაციას აშუქებენ, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. არადა, ყოველი წლის ბოლოს ერთმანეთს რეიტინგულობასა და ობიექტურობაში ეჯიბრებიან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის დაპირისპირება მთელ ქვეყანას გააგებინოს, თუმცა ერთია დაპირისპირება, მეორე კი – ფაქტების დამახინჯება.

„ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „პარტია გადაუვლის ყველას, ვინც ხალხის გვერდით არ დადგება“. საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ კი მისი ეს ნათქვამი, რატომღაც, ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღიქვა. „ქრონიკის“ ეთერში ოქრუაშვილის საუბრის ეს ნაწილი უცვლელად გავიდა, თუმცა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი ხალხს დაემუქრა. სადავო არაა ის, რომ ოქრუაშვილი მუქარანარევი განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ეს განცხადება ნამდვილად არ ეხებოდა ხალხს. ხალხმა კი ნაციონალური ტელეარხების ინფორმაციის საფუძველზე ეს სწორედ მისადმი გაჟღერებულ მუქარად აღიქვა.

ახლა კი, რაც შეეხება თავად დაპირისპირებასა და შედეგებს, რაც ამ დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ ოპოზიციის დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ყველა კონტექსტში მმართველ გუნდს ხელს აძლევს, ეს თავად ოპოზიციის გეგმებსაც აფერხებს და მის მიერ დაანონსებულ რევოლუციებს აქედანვე ხდის სასაცილოს, რადგან საზოგადოებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ „შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ნამდვილად სჯობია“.

საინტერესო კიდევ ის ფაქტია, რომელი პოლიტიკური ძალა თამაშობს რეალურად ხელისუფლების თამაშს და რომელი მათგანი უწყობს ხელს ოპოზიციის საბოლოო „ჩაძირვასა“ და საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების თამაშს ოქრუაშვილის პარტია თამაშობს, რაც მის მიერ ხალხის დაბნევაში გამოიხატება. ნაწილობრივ, ეს შეიძლება ასეც იყოს, რადგან „ქართულმა პარტიამ“ აქციები ბურჯანაძე-„სახალხო კრების“ მიერ აქციების დაწყების თარიღის გამოცხადების შემდეგ დააანონსა და რამდენიმე კვირით გაუსწრო კიდეც, რითაც, ერთი მხრივ, ბურჯანაძის გეგმების შეფერხებას შეეცადა. ეს შეიძლება ხელისუფლების თამაშად ჩაითვალოს, თუმცა რა ხდება მეორე მხარეს?

რამდენიმე კვირის წინათ „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ მათ რიგებში კუდ-ის აგენტები იყვნენ შეგზავნილი. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების პირადი გვერდების გაშიფვრა მხოლოდ იმ აპარატურას შეუძლია, რომელიც საქართველოში მხოლოდ შსს-ს აქვს. ბუნებრივია, დავინტერესდით, ვინ მიაწოდა ირაკლი ბათიაშვილს ეს ინფორმაცია, თუმცა ბათიაშვილმა საქინფორმის კითხვები უპასუხოდ დატოვა. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების თამაშს შესაძლოა, სწორედ „სახალხო კრება“ თამაშობდეს, რადგან, თუ კრების წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან და, მით უფრო , ძალოვანებთან, კავშირი არ აქვთ, მსგავსი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რომელიმე მხარე შესაძლოა, მართლაც თამაშობდეს ხელისუფლების თამაშს, რაც მომგებიან პოზიციაში ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციას აყენებს. თუმცა რადიკალები ისრებს მათაც ესვრიან. როგორც ბურჯანაძე-კრების, ისე ოქრუაშვილის თანაგუნდელების მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას აზრი აღარ აქვს და ოპოზიციური „რვიანი“ ხელისუფლების „ლეღვის ფოთლის“ ფუნქციას ასრულებს.

არის სხვა ბრალდებებიც, თუმცა „რადიკალებს“ უპასუხოდ არც „კონსტრუქციულები“ ტოვებენ და ეთერიდან თითქმის ყოველდღიურად მათი ბრალდებები და ერთმანეთის შეურაცხყოფა ისმის. მოსახლეობას კი, რომლის დიდი ნაწილიც, როგორც დეპუტატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, ერთი სახის ინფორმაციით მარაგდება, ტელეჟურნალისტები არწმუნებენ, რომ ოპოზიციას შორის წარმოქმნილ კონფლიქტს გაგრძელება მოჰყვება. ესეც, რაღა თქმა უნდა, რევოლუციური განწყობის შესუსტებისკენაა მიმართული, რაც, ალბათ, არცთუ ისე ცუდია, თუმცა, მეორე მხრივ, მოქმედი ხელისუფლების მმართველობაში ყოფნის ვადების გახანგრძლივებას უწყობს ხელს, რაც ოპოზიციას, ალბათ, არ ესმის.

ორი კურდღლის მადევარი რომ ვერც ერთს დაიჭერს, ეს ხელისუფლების ოპონენტებმა, როგორც ჩანს, კიდევ ვერ გაიგეს, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ დასახულ მიზანს –ხელისუფლების გადაყენებას – ერთად მიაღწიონ, მმართველი გუნდის გარდა, სხვა პარტიებშიც ოპონენტებს ხედავენ, რაც, ალბათ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ისინი მხოლოდ სკამებისთვის და არა ქართველი ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად იბრძვიან. გარდა ამისა, მსგავსი ქმედებებით ისინი საზოგადოების მხარდაჭერას დღითიდღე კარგავენ და ჯერ კიდევ საკითხავი „რევოლუციური განწყობაც“ მცირდება.