საზოგადოება
მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები - შარლ მიშელი

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიშელის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს გუშინ შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მისივე შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად.

„გუშინ შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა განგვეხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. კონსულტაციები საქართველოში იწყება. 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები“, – წერს შარლ მიშელი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წინა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.