საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, 19 აპრილის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების: მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის შერბილებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში, რომელიც მიმართულია ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება ან ძალაუფლების გაზიარება პარლამენტში.
ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები და ამიტომ მიაღწია თავის საზღვრებს, მათ მიაჩნიათ, რომ იგი ხაზს უსვამს იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში – არა მხოლოდ ეპიზოდურად“.
ამავდროულად, ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ წარუმატებლობაზე, აგრეთვე აფასებენ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ევროკავშირის პარლამენტის წევრების ერთობლივი განცხადების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს დანიშვნებისა და ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია „თბილისი პრაიდის“ გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთი იმედგაცრუება გამოიწვია.
„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელება სიტყვით და არსით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის წარუმატებლობით ისარგებლებს მხოლოდ ის, ვინც ეწინააღმდეგება მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განცხადება გაავრცელა.