საზოგადოება
ჯონ ბასი: „მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილია“

aqcia_-_patariZeამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა „ქართული პარტიის“ მიერ ამერიკის საელჩოს წინ 16 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციის მოწყობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველას შესაძლებლობას, გამოიყენონ ეს უფლებები აქ, საქართველოში, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ჩვენ მათ კონკრეტულ თვალსაზრისს,“ – განაცხადა ბასმა ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ აშშ-ის საელჩოს წინ წარსულშიც ჩატარებულა აქციები და დარწმუნებულია, რომ არც 16 მაისს დაგეგმილი აქცია იქნება უკანასკნელი.

ელჩმა ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოთხწლიანი (40.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების) პროგრამა „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. პროგრამის მიზანია ეკონომიკის მდგრადი ზრდის ყველაზე მეტი პოტენციალის მქონე სექტორების გამოვლენა და მათი პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.