საზოგადოება
საქართველო ყირიმის საკითხზე ევროკავშირის დეკლარაციას შეუერთდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველო უკრაინასთან, ალბანეთთან, მაკედონიასა და ნორვეგიასთან ერთად შეუერთდა რუსეთისთვის ყირიმის საკითხის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ალბანეთი, ნორვეგია, მაკედონია, უკრაინა და საქართველო უერთდებიან ევროპული საბჭოს 21 ივნისის გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს მონაცემებით, ეს ქვეყნები ვალდებულები არიან უზრუნველყონ თავიანთი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან.

მანამდე ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ყირიმის შეერთებას უკავშირდება. სანქციები მოიცავს რუსეთის მიერ შემოერთებულ ნახევარკუნძულზე წარმოებული საქონლის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, აკრძალვა ასევე ვრცელდება ინფრასტრუქტურულ ან ფინანსურ ინვესტიციებზე და ტურისტულ მომსახურებაზე ყირიმზე ან სევასტოპოლში.