საზოგადოება
საერთაშორისო თანამეგობრობა „ოპოზიციურ რვიანს“ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს

ballot-box„რვიანის“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში დახურულ კარს მიღმა დღეს შეხვდნენ. რვა პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებამ დიპლომატებს სამოქმედო გეგმები და 2011 წლის 12 მაისს გავრცელებული მიმართვა გააცნო, რომლის თანახმადაც, „რვიანი“ ხელისუფლებისგან საკუთარ შეთავაზებებზე ოფიციალურ წერილობით პასუხს მაისის ბოლომდე ითხოვს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, უცხოელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ მაისის ბოლომდე ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, „რვიანის“გადაწყვეტილება – ახალი გზებითა და ფორმებით მიაღწიოს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, მათგან ხელი უნდა შეეწყოს.

„გადაწყვეტილება, რაც დედაქალაქსა და რეგიონებში საზოგადოებასთან კიდევ უფრო აქტიურ შეხვედრებს გულისხმობს, იქნება მცდელობა იმისა, რომ საარჩევნო რეფორმის პროცესმა საყოველთაო სახალხო ხასიათი შეიძინოს“, – აღნიშნავენ „რვიანში“ შემავალი ოპოზიციონერები და იმედოვნებენ, რომ ამ ფორმით ისინი, ქართველ ხალხსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ხელს შეუშლიან ხელისუფლებას, ქვეყნისთვის მორიგი საბედისწერო ნაბიჯი გადადგას.