საზოგადოება
ზუგდიდელ მღვდელს ადგილობრივმა სამართალდამცველმა ესროლა

chitawyaris_eklesiaროგორც Livepress.ge იუწყება, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ფონიამ ეკლესიის სტიქაროსნის ავტომანქანის მიმართულებით სამჯერ გაისროლა. ფონიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე პოლიციელი ვინმე ქარჩავაც იმყოფებოდა.

ინციდენტი ზუგდიდში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში, მიმდინარე წლის 11 მაისს, საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 17:20 საათზე მას შემდეგ მოხდა, როცა ეკლესიიდან გამოსულმა მოძღვარმა ანდრია ლიპარტიამ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სააგენტოს წყაროს ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ფონიამ სტიქაროსნის ავტომანქანის მიმართულებით სამჯერ გაისროლა. შემთხვევის დროს მანქანაში მამა ანდრიას გარდა, მისი მცირეწლოვანი შვილი და მძღოლი ისხდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ეკლესიის წინამძღვარი სროლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ხუთშაბათს დილის ქადაგებაზე მოძღვარმა მრევლს მომხდარის შესახებ შეატყობინა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტამდე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხვიჩა ჩუხუას იარაღის მუქარით სიმღერას აიძულებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ინციდენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა. ჟურნალისტების კითხვებს არც ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი რუსლან შომახია პასუხობს.