საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით“ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის გამო.
„ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის”, – დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.
წინა დღეს მკაცრი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმაც გამოაქვეყნა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის“ დაცვისკენ მოუწოდა.
პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ 19 აპრილს „ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით“ მიღწეულმა შეთანხმებამ „ამბიციური“ სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე ხელმომწერებს „ყველა მიმდინარე დანიშვნების“ შეჩერება დააკისრა. „ეს არის, რის გაკეთებაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ“, – დასძინა მან.
განცხადების თანახმად, შეთანხმების შეუსრულებლობა დააზიანებს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ და „საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიულ განვითარებას“.
შეთანხმების არასრულყოფილი განხორციელება ასევე შეასუსტებს ინვესტორთა ნდობას და ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუციების მედეგობას შეასუსტებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.