საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა - შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო.
რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - გომელაურს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა - მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა (ვიდეო იხ. აქ).
„უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ყველას ჰქონდა უფლება და დრო პროტესტისთვის, მაგრამ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას, კერძოდ კი ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით.
„რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო“, - განაცხადა კუჭავამ.
ჟურნალისტებმა აივნიდან გადმოფინეს წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.
ჟურნალისტებთან ავიდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა და ბანერის ჩამოხსნა სთხოვა. რაზეც ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს. სწორედ ეს გახდა სხდომის შეწყვეტის საბაბი.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.