უცხოეთი
ბაშარ ასადმა პრეზიდენტის ფიცი მეოთხედ დადო

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ბაშარ ასადმა, მაისში ჩატარებულ არჩევნებში 95.1%-ის მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადო პრეზიდენტის ფიცი, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა და განცხადებებისა, რომ არჩევნები არალეგიტიმური და მისი შედეგები - გაყალბებულია, ასადმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა მომდევნო 7 წლით ჩაიბარა.

პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქ დამასკოში, საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და ოფიცრები.

არჩევნებს, რომელიც სირიაში, 26 მაისს, მხოლოდ დამასკოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა, დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ.

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.

imedinews.ge