12 მაისს დასრულდა წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებული ორდღიანი აქცია-მარათონი „შენს გისოსებში მზეა“, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. აქციის სიმბოლო თეთრი გვირილა იყო. თეთრი გვირილების საჩუქრად გადაცემის ტრადიცია მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში ექიმმა გრიგოლ ორბელიანმა დაამკვიდრა. ამ დღეს „თეთრი გვირილების დღეს“ უწოდებდნენ. გვირილების გაყიდვით შემოსული თანხა კი ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ხმარდებოდა.
სწორედ ამიტომ აქციეს ორგანიზატორებმა აქციის სიმბოლოდ გვირილა.
„21-ე საუკუნის საქართველოში ეს დაავადება ისევ მძვინვარებს. საპყრობილეებში უამრავი პატიმარი იღუპება ტუბერკულოზით. ჩვენ გვინდა, ამ აქციით დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს და მივაწოდოთ აუცილებელი წამლები“ , – ეს განცხადება აქციაზე არაერთგზის გაჟღერდა. რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის თქმით კი, თეთრი გვირილები იბრძვიან წითელი ვარდების წინააღმდეგ და ისინი აუცილებლად გახდებიან გამარჯვების სიმბოლო.აქციაში მონაწილეობდნენ მომღერლები და მსახიობები. შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს ვიდეორგოლები უსამართლოდ დახოცილ ახალგაზრდებსა და ციხეში გარდაცვლილ პატიმრებზე, ასევე, აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა. აქციის ფარგლებში ნაჩვენები იქნა რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ურჩხული“. ეს ფილმი არცერთ ტელეკომპანიას არ გაუშვია ეთერში.
აქცია-კონცერტზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ ჯარისკაცებს.
დამსწრე საზოგადოებას „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა სამოქმედო მანიფესტი გააცნო:
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ, სამწუხაროდ,რაღაც ძალიან პატარა ავანტიურისტთა ჯგუფმა მიიტაცა ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. ამ ხალხმა გადააქცია საქართველო ციხედ. ამ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოსახლეობის 10% გაასამართლა. ამ ხელისუფლებამ ხალხს არ დაუტოვა არჩევანი. ამათი მთავარი მიზანი ყველას დაპატიმრებაა“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მისი თქმით, ეს ხელისუფლება იღებს კანონებს და ამის საფუძველზე აპატიმრებს ხალხს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა დიქტატურისთვის.
„ნებისმიერ ბრძოლას აქვს საგარეო და საშინაო მხარე. რაც შეეხება საგარეო მხარეს, ჩვენ ვმუშაობთ დასავლეთთან. ქვეყნის შიგნით კი მთავარია სამოქალაქო ერთობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პარალელურად, ანუ საარჩევნო სისტემაზე მუშაობის პარალელურად, ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აქციებში. მთავარი მიზანი კი ის არის, რომ არჩევნები ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ“, – აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.
საღამოს დასასრულს სიტყვა გადაეცათ ციხეში გარდაცვლილ პატიმართა ოჯახის წევრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოეტმა რევაზ ამაშუკელმა, ქველმოქმედების მიზნით, პატიმრებს საკუთარი წიგნი „სისხლში ჩამხრჩვალი ვარდები“ საჩუქრად გადასცა.
მარათონის ფარგლებში შეგროვილმა თანხამ 8000 ლარი შეადგინა. თანხა გადაეცათ გარდაცვლილი პატიმრების – ზენონ ხალვაშის, ჯამბულ აბუსერიძის, ციხის ბუნტის დროს მოკლული ნუგზარ ქსოვრელისა და მალხაზ მუზაშვილის, ოჯახის წევრებს.
50 პატიმრის ანგარიშზე, რომელთაც ტუბერკულოზის ყველაზე მძიმე ფორმა აქვთ, დაირიცხება 100-100 ლარი.